სულ მალე, შესაძლოა, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, მაგალითად, სატვირთო ავტომობილებმა აღარ იარონ. თბილისის მერია გეგმავს, რომ გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს მოძრაობა შეეზღუდოს დილის საათებში 8-იდან 11-ამდე პერიოდსა და საღამოს 17-იდან 20 საათამდე.
თბილისის მერიამ ამ საკითხზე მედიასთან მხოლოდ ეს კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა. ალბათ, კიდევ იქნება რამდენიმე შეხვედრა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მაგ დროისთვის იქნება მიღებული“, – ამბობს ვიქტორ წილოსანი, თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელი.
დიდი გამავლობის მანქანების მოძრაობის შესაძლო შეზღუდვას დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციისა და მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა…
მადონა კვარაცხელია ყოველ დილით 8 საათზე, სამსახურში წასვლამდე, უბნის მარკეტში ჩადის, ვახშმისთვის საჭირო პროდუქტებსა და ჰიგიენურ საშუალებებს ყიდულობს. საღამოს, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, მაღაზიებში რიგებიაო ამბობს, ამიტომ ურჩევნია, რომ დილაობით იყიდოს საჭირო პროდუქტები.
„უმეტესად სამსახურში წასვლამდე ვყიდულობ ოჯახისთვის პროდუქტებს: ცომეულს, ხილსა და ბოსტნეულს. დილით შედარებით ახალი პროდუქციაა ხოლმე ჩემი უბნის მაღაზიაში, თან საღამოობით მარკეტებში რიგებია, ამიტომ მირჩევნია საყიდლები დილაობით მოვილიო… კარგი იქნება, თუ თბილისის მერია დიასახლისებს გაითვალისწინებს და ამ შეზღუდვას არ აამოქმედებს. მგონია, რომ დიასახლისების უმრავლესობა მეორე დღის საუზმისა და ვახშმისთვის საჭირო პროდუქტებს დილაობით იმარაგებს “, – ამბობს მადონა კვარაცხელია.
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს გასული წლის დეკემბერში დედაქალაქის მერიაში რამდენიმე შეხვედრა ჰქონდათ. მოლაპარაკებების შედეგად, დიდი გამავლობის მანქანების მოძრაობის შეზღუდვა მხოლოდ საღამოს საათებზე გავრცელდა. თუმცა პირველი სექტემბრიდან შეზღუდვა დილის საათებშიც იქნება.
ასოციაციაში თვლიან, რომ თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი შეზღუდვა უფრო მეტ ხერგილებს გამოიწვევს და პროდუქტებზე ფასებიც გაიზრდება. ასევე ვარაუდობენ, რომ დისტრიბუტორულ კომპანიებს ახალი კადრებისა და მანქანების მოძიება მოუწევთ, ასევე გაიზრდება საწვავის ხარჯი, რაც დახლებზე პროდუქტების ფასების ზრდას გამოიწვევს.
„ახალი კადრების აყვანა დაკავშირებულია მეტ ხარჯთან, ასევე ამ სექტორში კადრების გადინება საკმაოდ მაღალია, ასევე რითეილის მხრიდანაც საჭირო იქნება დამატებითი პერსონალის აყვანა და საწარმოო პროცესის ცვლილება. ეს ყველაფერი კი შექმნის იმ მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს, რაც საბოლოო ჯამში დააზარალებს მომხმარებელს, რადგან ამ ცვლილებით გამოწვეული ხარჯები ფასებზე აუცილებლად აისახება“, – ამბობს ლაშა რიჟამაძე დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი.
დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციამ საქართველოს მთავრობას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს თბილისის მერიასთან შუამდგომლობისთვის მიმართა. ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ მთავრობისა და სამინისტროების ჩართულობით ცვლილების გატარება დროებით გადაიდება, ან სულაც დარეგულირდება ისე, რომ ჰიგიენური საშუალებების, საკვებისა და სასმლის მიწოდების ნაწილში ინდივიდუალური ნებართვები გაიცეს.