აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა პრესკონფერენცია საქართველოს შესახებ დაიწყო და სავიზო აკრძალვების პირველი ეტაპის შესახებ გამოაცხადა.
მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებები რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს და აზიანებს აშშ-საქართველოს ურთიერთობებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა არ დააკონკრეტა იმ პირების ვინაობა, რომლებსაც სანქციების პირველი ეტაპი შეეხო, თუმცა მეთიუ მილერმა თქვა, რომ სავიზო აკრძალვები შეეხო ათეულობით იმ პირს და მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ სანქციების პირველ ნაკადში არიან „ქართული ოცნების“ წევრები, პარლამენტის დეპუტატები, პოლიცია და კერძო პირები.
„აშშ კვლავ ღრმადაა შეშფოთებული „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე მათი ბოლოდროინდელი განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები აჩენს საფრთხეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და ქართველი ხალხის ნებას.
სახელმწიფო მდივანმა ახლახან გამოაცხადა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის ძირეული გადახედვის შესახებ. ამ პროცესის ფარგლებში მოხდა ახალი სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის იმპლემენტაცია.
დღეს ამ პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავაწესოთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ. მათ შორის იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ან არის თანამონაწილე, საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. სავიზო შეზღუდვების ეს პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს, რათა წინ წასწიონ თავიანთი ქვეყნის დიდი ხნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფება. მაგრამ თუ ასე არ მოხდება, აშშ მზადაა, გაატაროს დამატებითი ქმედებები“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
მეთიუ მილერმა მედიას უთხრა, რომ ეს არის აშშ-ის სანქციების მხოლოდ პირველი ნაკადი.