„ჩვენ გვაქვს ჩვენი ბირთვული დოქტრინა. ნახეთ რა წერია იქ” – დასავლეთის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდის შემდეგ პუტინი აგრძელებს მუქარას.
სანქტ-პეტერბურგში გამართულ ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტმა დასავლელ ლიდერებს შეახსენა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის დოქტრინა აქვს და ბირთვული იარაღის გამოყენება შეულია.
„რატომღაც დასავლეთში დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს არასოდეს გამოიყენებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი ბირთვული დოქტრინა. ნახეთ, რა წერია იქ. თუ ვინმეს ქმედება საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთარსებულ ყველა საშუალებას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ბირთვული მუქარის პარალელურად პუტინი ჩვეული რიტორიკით ამტკიცებს, რომ ომი უკრაინაში მას არ დაუწყია. ამტკიცებს იმასაც, რომ დასავლური მხარდაჭერის გარეშე კონფლიქტი 3 თვეში დასრულდებოდა.
უკრაინის მოკავშირეებს კი პუტინი აფრთხილებს, რომ თუ არ შეწყვეტენ კიევისთვის იარაღის მიწოდებას, თავადაც გადასცემს შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას გარკვეულ ქვეყნებს, დასავლურ სამიზნეებზე იერიშების მისატანად.
კრემლის მუქარის საპასუხოდ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის მიერ წამოწყებული აგრესიის მსხვერპლია და საერთაშორისო სამართლის მიხედვით კიევს უფლება აქვს თავი დაიცვას.
Great to be back with the #NATO Parliamentary Assembly for their Spring session in Sofia, #Bulgaria. Good discussions on our shared security & #NATO‘s role in supporting #Ukraine. @natopapress pic.twitter.com/tTPeLvjSF7
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) May 27, 2024
„მოკავშირეები უკრაინას სხვადასხვა გზით უჭერენ მხარს. უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები რუსეთმა დაიწყო. უკრაინას საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. ჩვენ გვაქვს უფლება, უკრაინას მხარი დავუჭიროთ. როგორც ვთქვი, მოკავშირეები უკრაინას სხვადასხვა გზით უჭერენ მხარს. ნატო უკრაინაში ძალების განთავსებას არ გეგმავს. ჩვენ ორიენტირებულები ვართ, შევქმნათ უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის სისტემა, რათა უზრუნველვყოთ უკრაინის თავდაცვისუნარიანობა, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
პუტინი აღიარებს, რომ დასავლეთთან მოსკოვის ურთიერთობები ასეთი ცუდი ცივი ომის შემდეგ არასდროს ყოფილა. გერმანიასთან ურთიერთობებს კი სრულად განადგურებულს უწოდებს, რადგან მისივე თქმით, რუსებმა მორალური და ეთიკური შოკი მიიღეს, როცა გერმანული ტანკები უკრაინაში გამოჩნდა.