თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების რიგით მე-14, ორდღიანი ფორუმი, გაიხსნა. ღონისძიება დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერაა ორგანიზებული და მისი სახელწოდებაა „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“. ორდღიან ფორუმზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ეკოტრანსპორტი და მწვანე მობილობა, კლიმატის ნეიტრალიტეტის მიღწევის სტრატეგიები, ბიზნესის ჩართულობა ინოვაციურ პროექტებში და სხვა. ფორუმში მთავრობის სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები პირები და ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ფორუმს ასევე 15-ამდე ქვეყნის 25 სტუმარი დაესწრება.
„ჯანსაღი ქალაქი არ არის მხოლოდ ხედვა, ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელიც გვაკისრია მოსახლეობის წინაშე მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ამის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შევიმუშაოთ ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობს ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ ჯანმრთელობას; შევქმნათ და განვახორციელოთ პოლიტიკა, რაც უზრუნველყოფს მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას. ჩვენი მიზანია, ასევე შეიქმნას ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობები, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური სერვისებისა და პროგრამების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობენ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და მის პოპულარიზაციას“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.