მთავარიგადაცემებიმოიგებენ თუ არა უკიდურესი მემარჯვენეები ევროკავშირის არჩევნებს? - ვითარება გერმანიასა და...

მოიგებენ თუ არა უკიდურესი მემარჯვენეები ევროკავშირის არჩევნებს? – ვითარება გერმანიასა და პორტუგალიაში

რადიკალური მემარჯვენეები მთელ ევროპაში იკრებენ ძალას და არ არის გამორიცხული, რომ ევროპის წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური ბალანსი შეცვალონ. მაინც ვინ აძლევს მათ ხმას და რატომ? – ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად „ევრონიუსი“ გერმანიასა და პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც ულტრამემარჯვენე  პარტიები „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და „ჩეგა“ საგრძნობლად გაძლიერდნენ.

უკიდურესი მემარჯვენეები მთელ ევროპაში იკრებენ ძალას და აქვთ შესაძლებლობა, რომ ევროპის ამ არჩევნებზე პოლიტიკური ბალანსი შეცვალონ. „ევრონიუსი“ გერმანიასა და პორტუგალიაში გამოგზაურებთ, სადაც პარტიების „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და „ჩეგას“ სახეებსა და პროგრამებს გავეცნობით.  ამ ორი ქვეყნის ორ პარტიას ერთი მიზანი აქვს – ევროპა შიგნიდან შეცვალოს.“

Pinna, Monica/

თიურინგიაში ვერ ნახავთ ვერცერთ მოედანსა და ქუჩას, სადაც პოლიტიკური პლაკატები არ არის გაკრული. ამ მხარეში მაისში უკვე ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები, კარს მომდგარია ივნისში დაგეგმილი ევროკავშირის  არჩევნები, სექტემბერში კი სამხარეო არჩევნები ჩატარდება.

ამის გამო აღმოსავლეთ გერმანიის ეს მხარე ნამდვილ პოლიტიკურ არენად იქცა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ პირველად სწორედ თიურინგიაში აირჩიეს ულტრამემარჯვენე ადმინისტრაცია 2023 წელს.  პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“  ძალიან დიდი შანსი აქვს, რომ ახალი სამხარეო პარლამენტის წამყვანი პოლიტიკური ძალა გახდეს.  თუმცა ხალხს მაინცდამაინც არ სურს ამაზე საუბარი.

Pinna, Monica

ქალაქი გერა თიურინგიის მესამე ყველაზე დიდი ქალაქია, რომელიც ცნობილია თავისი ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმით. და იმით, რომ აქ პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყველაზე ბნელი და რადიკალური მხარე ჩანს. ჩვენთან გულახდილ საუბარზე  ულტრამემარჯვენეების მხოლოდ ერთი მხარდამჭერი დაგვთანხმდა.

“მე პენსიონერი ვარ და მაინც ვმუშაობ, რადგან ჩემი პენსია მხოლოდ 1000 ევროა, რაც ძალიან ცოტაა ბინის ქირისა და კიდევ უამრავი გადასახადისთვის. არადა, 40 წელი ვიმუშავე – აი, ასეთია ჩვენი სამხარეო პოლიტიკა. ჩვენ ქვეყანაში რაღაც ცვლილება გვჭირდება“, – ამბობს გერმანელი პენსიონერი მამაკაცი.

საცხოვრებელი პირობების გაუარესება ძალიან ძვირი უჯდება  პარტია „მემარცხენეებს“, იმავე  Die Linke-ს, რომელმაც 2019 წლის არჩევნები მოიგო. ბოლო ტენდენცია აჩვენებს, რომ  Die Linke-ს მხარდამჭერთა რაოდენობა თითქმის განახევრდა, AfD-ის („ალტერნატივა გერმანიისთვის“) მხარდამჭერთა რაოდენობა კი ელვის სისწრაფით იზრდება. Die Linke-ს ერთ-ერთმა საარჩევნო კანდიდატმა თიურინგიის სამხარეო არჩევნებზე ანდრეას შუბერტმა ამაზე თავისი აზრი გამოთქვა:

“ბევრს არ ესმის, რომ პანდემიამდე და ომამდე არსებულ ფასებთან შედარებით მომატებული ფასების გამო ცხოვრების სტანდარტი უნდა დაწიონ. ფედერალური მთავრობა არ იღებს საკმარის საკომპენსაციო ზომებს“.

პანდემიის საწინააღმდეგო რეგულაციების გასაპროტესტებლად 2020 წელს ხალხი ქუჩაში გავიდა. ამას მოჰყვა ინფლაცია, ომი უკრაინაში და მიგრაციის ტალღა, რომელთა გამოც გერა სისტემის წინააღმდეგ მიმართული რეგულარული პროტესტის ადგილად იქცა. სულ მცირე ორი წელია, რაც ყოველ ორშაბათს ასობით ადამიანი მონაწილეობს იმ მსვლელობაში, რომელსაც ნეო-ნაცისტები აწყობენ. ამ ყბადაღებული „ორშაბათის მსვლელობის“ ორგანიზატორია კრისტიან კლარი, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, რაც ნეო-ნაცისტური სცენაზე გამოვიდა. მის წინააღმდეგ დაახლოებით 20 საქმეა აღძრული, მათ შორის სიძულვილის გაღვივებისა და სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით.

კრისტიან კლარი:

“თუ ეს ოთხი თუ ხუთი ფედერალური მხარე, სადაც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერობს, დაამტკიცებს, რომ აქ ქვეყნის სასარგებლოდ რაღაც კეთდება, სხვა ფედერალურ რეგიონებშიც დარწმუნდებიან, რომ აქ კარგი გერმანელები არიან და არა ნაცისტები“.

AfD-ის  თიურინგიის ფილიალი ზედამხედველობის ქვეშ არის ულტრამემარჯვენეებთან კავშირის გამო. ეს ფილიალი რეგიონულმა სასამართლომ „ უკიდურეს მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ ცნო, რადგან „მისი მიზნები ადამიანის ღირსებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ არის მიმართული“.

ბიორნ ჰუკე, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თიურინგიელი ლიდერი  და მისი ნომერ პირველი კანდიდატი სამხარეო არჩევნებში, სულ ახლახან დაჯარიმდა საარჩევნო კამპანიის დროს აკრძალული ნაცისტური ლოზუნგის გამოყენებისთვის. 5 წლის წინ კიდევ ერთმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ არსებობს საფუძველი, რათა მას  „ფაშისტი“ ეწოდოს.

Pinna, Monica

ევროკავშირის წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, ფედერალურ დონეზე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეორე ყველაზე ძლიერი ძალაა კონსერვატიული პარტიების გერმანიის ქრისტიანდემოკრატიული კავშირისა (გქდკ) და ბავარიის ქრისტიანსოციალური კავშირის (ბქსკ) გაერთიანების შემდეგ. გერმანიაში 96 პარლამენტარს აირჩევენ, რაც ყველაზე დიდი რიცხვია ევროკავშირის ქვეყნებს შორის.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ცდილობს, 20 საპარლამენტო დეპუტატი ჰყავდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პარტია სულ ახლახან ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენე „იდენტობისა და დემოკრატიის“ ჯგუფიდან გარიცხეს იმის გამო, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მთავარმა კანდიდატმა იტალიურ გაზეთს უთხრა, რომ ნაცისტ ე.წ. „ესესელებს“ შორის ყველა კრიმინალი არ იყო.

მაქსიმილიან კრაჰი ახლაც პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წამყვანი კანდიდატია ევროპარლამენტის არჩევნებში. მაქსიმილიანს იქამდე შევხვდი, სანამ სადავო განცხადებას გააკეთებდა. მან ახსნა, თუ როგორი ევროპა სურს პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“.

მაქსიმილიან კრაჰი, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კანდიდატი 2024 წლის ევროკავშირის არჩევნებში:

“ჩვენ გვსურს, რომ ეროვნულ ხელისუფლებებს მეტი ძალა ჰქონდეთ. ბრიუსელის კომპეტენცია უნდა შემცირდეს,  კონკურენცია კი უნდა გაიზარდოს.  თუმცა აუცილებელია ერთიანი მიდგომა ისეთ საკითხებში, როგორებიცაა თავისუფალი ვაჭრობა, საბაჟო წესები, საგარეო პოლიტიკა“.

არალეგალური ემიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ის, რაც აერთიანებს ულტრამემარჯვენე ძალებს მთელ ევროპაში. თუმცა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დაშვებულ ზღვარს გადააბიჯა, როდესაც იანვარში მასობრივი გამოსვლები წააქეზა.  მედიის გამოძიებამ დაადგინა, რომ პარტიების „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და „ნეონაცისტების“ წევრები ჩუმად შეხვდნენ, რათა იმ მილიონობით ადამიანის იძულებითი დეპორტაცია ე.წ. „ხელახალი მიგრაცია“ დაეგეგმათ, რომლებიც ეთნიკური გერმანელები არ არიან. მაქიმილიან კრაჰი ამბობს, რომ ეს გაუგებრობა იყო. თუმცა არ უარყოფს, რომ ახლაც სურს ევროპული „ანტიემიგრაციული ციხესიმაგრე“.

“პირველ რიგში, საზღვრები უნდა დაიხუროს. 2023 წელს 2 მილიონზე მეტი ადამიანი შემოვიდა მხოლოდ გერმანიაში. მილიონ 100 ათასმა დატოვა ქვეყანა, საბოლოო ჯამში კი მილიონ 300 ათასი ემიგრანტი დაგვრჩა“, – ამბობს იგი.

გერმანიის სტატისტიკის ფედერალური ოფისის  2024  წლის 25 იანვრის მიხედვით, კი 2023 წელს შემოსული ემიგრანტების რაოდენობა 680 ათასსა და 710 ათასს შორის მერყეობს, რაც 50 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე 2022 წელს.

Pinna, Monica

კრაჰი  უარყოფს ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებას, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ სულ უფრო ექსტრემალური ხდება. არადა, ჩინურ სოციალურ პლატფორმა TikTok-ზეც შეწყდა მისი ვიდეოების რეკომენდაცია მისი ჰომოფობიური განცხადებების, ლტოლვილების წინააღმდეგ მიმართული აგიტაციისა და კონსპირაციული თეორიების გავრცელების გამო.

პოპულისტურ რიტორიკას, დიდი ალბათობით, ევროპულ არჩევნებში დიდი მხარდაჭერა ექნება. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ულტრამემარჯვენე და  კონსერვატიულმა პარტიებმა შესაძლოა ევროპარლამენტში მესამე ყველაზე გავლენიანი ძალა შექმნან.

მათ, შესაძლოა, პირველობა იზეიმონ ევროკავშირის ცხრა ქვეყანაში, მათ შორის არიან ავსტრია, საფრანგეთი და ნიდერლანდები, ასევე პოლონეთი, სლოვაკეთი, ბელგია, ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი და იტალია.

ულტრამემარჯვენე პარტიები, სავარაუდოდ, მეორე ან მესამე ადგილზე გავლენ კიდევ ცხრა ქვეყანაში, როგორებიცაა გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია, შვედეთი, ასევე რუმინეთი, ლატვია, ბულგარეთი, ესტონეთი და ფინეთი.

ულტრამემარჯვენე ლიდერები უკვე მართავენ უნგრეთს, იტალიას, სლოვაკეთი, შვედეთს, ფინეთს, ჩეხეთის რესპუბლიკასა და ნიდერლანდებს.

ისმის კითხა: ხომ არ არის დემოკრატია საფრთხეში? ოგორი იქნება პოლიტიკური კურსის ცვლის შედეგები? ამ საკითხებზე სასაუბროდ ბერლინში ჩავედი და თიურინგიის პროექტის იურისპრუდენციის სპეციალისტს შევხვდი. მკვლევართა ამ ჯგუფმა თიურინგიის მოდელის საფუძველზე სცადა დასმული კითხვის სიღრმეს ჩასწვდომოდა.

ფრიდრიხ ცილესენი, იურიდიულ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტი, კონსტიტუციის ბლოგისა და თიურინგიის პროექტის რედაქტორი:

“ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით, თუ როგორ ექცეოდა დემოკრატია წნეხის ქვეშ იმის გამო, რომ ავტორიტარი პოპულისტები დემოკრატიული წყობის შეცვლას შიგნიდან ცდილობენ“.

პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აქვს შანსი, რომ სექტემბერში თიურინგიის სამხარეო პარლამენტში ადგილების ერთ-მესამედზე მეტი მიიღოს – ამის წყალობით, ის შეძლებს კენჭისყრის დროს ხმების დაბლოკვას, რასაც უმრავლესობის ორი-მესამედი სჭირდება. ეს უფლება შეუძლია გამოიყენოს ისეთი საკითხების გადაწყვეტისას, როგორებიცაა  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების არჩევა და ბევრი სხვა.

თიურინგიაში სახელმწიფოს დონეზე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“  წევრ სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეუძლია ერთი ხელმოწერით გააუქმოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. მას შეუძლია, გავლენა იქონიოს კულტურულ პოლიტიკაზე სკოლებში და განსხვავებული პრიორიტეტები დასახოს. და ეს ყველაფერი ფორმალურად კანონიერი არჩევანია, მაგრამ, საერთო ჯამში, შეუძლია ჩვენს დემოკრატიას ზიანი მიაყენოს,“ – ამბობს ფრიდრიხ ცილესენი.

ულტრამემარჯვენეების აღზევებას სულ უფრო მეტი კონკრეტული შედეგი მოაქვს. განსაკუთრებით იმატა  რასობრივ ნიადაგზე განხორციელებული თავდასხმების რეგისტრაციამ 2015 წლის შემდეგ. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ იქცა მემარჯვენეობის ნიადაგზე განხორციელებული ძალადობრივი აქტების მხარდამჭერად. მოძალადეები თავს ესხმიან ხალხსა და სიმბოლოებს, მაგალითად, ბუხენვალდის ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკს.

მემორიალის დირექტორი,  ისტორიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი ჟან-კრისტიან ვაგნერი განმარტავს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საკმაოდ დიდხანს გერმანია ნაციონალიზაციის სენისგან თავისუფალი იყო. პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წვერები კი ახლა ამაყობენ გერმანიის ისტორიით და არაფრად აგდებენ ჰოლოკოსტსა და გერმანელების მიერ ჩადენილ დანაშაულს. ეს კი, მისი აზრით, ძირს უთხრის ლიბერალურ დემოკრატიასა და ადამიანთა უფლებების დაცვას.

ულტრამემარჯვენეთა მომრავლებული მომხრეების ქვეყნიდან პორტუგალიისკენ მივემგზავრები, სადაც საპროტესტო მოძრაობამ რადიკალური მემარჯვენე ჯგუფი პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოიყვანა.

1974 წელს მიხაკების რევოლუციამ ქვეყანაში დემოკრატია დაამკვიდრა. წელს მარტში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია „ჩეგამ“ პარლამენტში 50 ადგილი მოიპოვა და პორტუგალიის მესამე პოლიტიკურ ძალად იქცა.

წელს 25 აპრილს ანტონიუ დი ოლივერა სალაზარის ნაციონალური დიქტატურის დამხობის ორმოცდამეათე წლისთავისადმი მიძღვნილ დემონსტრაციაზე  „ჩეგა“ არ გამოჩნდა, მაგრამ საპარლამენტო ცერემონიაზე მისი დამფუძნებლისა და ლიდერის ანდრე ვენტურას სიტყვა შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

ანდრე ვენტურას საპარლამენტო სიტყვა, 25 აპრილი:

“ამჟამინდელ რეჟიმს არ სურს ამის გაგონება და ყოველთვის იტყვის, რომ ვისაც არ სურს აპრილის ზეიმის აღნიშვნა, ის ფაშისტი და რეჟიმის მოწინააღმდეგეა. ბატონებო, რამდენადაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, თქვენი ძალაუფლება პორტუგალიაში დასრულდება“.

ანდრე ვენტურას  ზუსტად ამ სიტყვის დასრულების შემდეგ შევხვდი. მან თავი გამაცნო, როგორც სისტემის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსმა, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოს, ეკონომიკისა და პოლიტიკური სისტემის რეფორმას. მან გააკრიტიკა პორტუგალიის მოქმედი დემოკრატია.

“ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ზედემოკრატიული ქვეყანა. „ჩეგა“ იყო პირველი პარტია დემოკრატიის ისტორიაში, რომელმაც შეძლო დაემსხვრია ორპარტიული სისტემა, როდესაც მხოლოდ ორი პარტია ბატონობდა,“ – ამბობს ანდრე ვენტურა.

ანდრე ვენტურამ  „ჩეგა“, რომელიც ითრაგმნება როგორც „კმარა“, 2019 წელს დააფუძნა. მხოლოდ 5 წელიწადში ამ პარტიამ მიღებული ხმების რაოდენობა 1.3 პროცენტიდან 18 პროცენტამდე გაზარდა საპარლამენტო არჩევნებზე. მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის ლიდერმა, რომელმაც წლევანდელი არჩევნები მოიგო, უარი თქვა „ჩეგასთან“ ალიანსზე. თუმცა ამ პარტიის პოპულისტი მოკავშირეები ევროპარლამენტის „იდენტობისა და დემოკრატიის“ ჯგუფიდან მას სიხარულით ელოდებიან.

მრავალი ულტრამემარჯვენე პარტია ამბობს, რომ მათ სურთ შიგნიდან შეცვალონ ევროპა. ვენტურაც ეთანხმება:

“ ჩემი აზრით, ევროპის დაცვის საუკეთესო გზა ის  არის, რომ არ დავშალოთ ევროკავშირი. მაგრამ ვერც იმის ნებას მივცემთ ევროკავშირს, რომ მოსპოს ყველა ქვეყნის იდენტობა და თავად განსაზღვროს ისეთი საკითხები,  როგორებიცაა ემიგრაცია, ჩვენი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკა, რა შეიძლება ვჭამოთ და რა – არა“.

პარლამენტში შევხვდი „ჩეგას“ ამომავალ ვარსკვლავს რიტა მატიასსაც. 25 წლის ევროპარლამენტარმა უკვე მეორედ ჩაიბარა მანდატი. ის გახლვათ პარტიის ახალგაზრდა სახე, რომელსაც ხმა ძირითადად 18-იდან 34 წლმადე ახალგაზრდებმა მისცეს.

“პორტუგალიელი ხალხი დაიღალა. დაიღალა სიღარიბით, დაბალი ხელფასით, იმით, რომ ვერ ყიდულობს სახლს, რომ შვილები ემიგრაციაში მიდიან. ჩვენი ახალგაზრდების 30 პროცენტი საზღვარგარეთაა“, -ამბობს მატიასი.

რიტა მატიასი 2022 წელს „ჩეგას“ პარტიულ საარჩევნო სიაში ერთადერთი ქალი იყო. თუმცა ის ღიად ეწინააღმდეგება ფემინიზმსა და აბორტს.

“ჩვენ არ ვთვლით, რომ აბორტის გარანტია ფუნდამენტური უფლებაა, რადგან მისი უფლება ეწინააღმდეგება სხვისი სიცოცხლის უფლებას, რომელიც ჩვენთვის ხელშეუვალია…არ მგონია, რომ მისი აკრძალვა შესაძლებელია.  უფრო მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება“, – განმარტავს მატიასი.

პორტუგალიაში მიგრანტების რიცხვი ბოლო 10 წელიწადში საგრძნობლად გაიზარდა. ვენტურა ყოველთვის უკავშირებდა უსაფრთხოების რისკს მიგრანტებს და სისტემატურად აკეთებდა განცხადებებს ფერადკანიანებისა და ბოშების მისამართით. ვენტურა დააჯარიმა კიდეც პორტუგალიის რასობრივ დისკრიმინაციასთან მებრძოლმა კომისიამ სოციალურ მედიაში გავრცელებული კომენტარების გამო.

საკითხავია, ნამდვილად  ისეთი საშიში და ქსენოფობიურია თუ არა „ჩეგა“, როგორც მას ბევრი ახასიათებს? გაძლიერდება ეს პარტია თუ მხოლოდ დროებითი ფენომენია? ამ კითხვებზე სიღრმისეულ პასუხს  ლისაბონის სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტში ეძებენ.

ლუკა მანუჩი ლისაბონის სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარი მუშაობს პოპულიზმის, რადიკალური მემარჯვენე პარტიების, მედიისა და კოლექტიური მეხსიერების საკითხებზე. ლუკა ამჟამად ხელმძღვანელობს პროექტს, რომელიც იკვლევს ულტრამემარჯვენეების დამკვიდრების მიზეზებს პორტუგალიასა და ესპანეთში.

ჩეგას“ მსგავს პარტიაზე მოთხოვნა პორტუგალიაში ყოველთვის არსებობდა. რასიზმი და პოპულიზმი 1974 წლიდან დაწყებული დღემდე არსებობდა, მაგრამ ვერ იპოვა დემოკრატიული პოლიტიკური დასაყრდენი, რათა პარლამენტში შესულიყო, ახლა კი შეძლეს ეს“, – ამბობს იგი.

მაინც როგორ შეძლო ვენტურამ პარლამენტში უაღრესად რადიკალური სიტყვით გამოსვლა? ჩვენი ექსპერტი ფიქრობს, რომ  სპორტის კომენტატორის არცთუ სახარბიელო რეპუტაცია დაეხმარა ვენტურას, პოლიტიკური დისკუსიების დროს მედიაში გამოჩენილიყო. თანაც იგი მემარჯვენე ფლანგზე კარგად დამკვიდრებული სოციალურ-დემოკრატიული პარტიიდან მოდის, საიდანაც იგი გარიყეს ულტრამემარჯვენე შეხედულებების გამო.

საინტერესოა, მაინც რა მოჰყვება შედეგად „ჩეგას“ მსგავსი პარტიის აღზევებას როგორც პორტუგალიაში, ისე მთელ ევროპაში?

“ამის მაგალითი უნგრეთში გვაქვს,“ – ფიქრობს ლუკა მანუჩი. „ ვიქტორ ორბანმა და მისმა პარტიამ  Fidesz-მა 14 წლის განმავლობაში შეძლეს რადიკალური მემარჯვენე პარტიებისთვის დამახასიათებელი რეფორმების გატარება. უნგრეთში აღარ არის ლიბერალური დემოკრატია, იქ  არალიბერალური დემოკრატიაა.  ადამიანთა უმრავლესობისთვის – უნგრელებისთვის არის დემოკრატია, მაგრამ ყველა უმცირესობა გარიყულია“.

განხეთქილებებისა და დავის მიუხედავად, როგორც ჩანს, ევროპაში ულტრამემარჯვენეები კიდევ დიდხანს დარჩებიან. ამიტომ საინტერესოა, თუ რამდენად  მოახერხებენ რადიკალური პარტიები ისეთი სერიოზული მხარდაჭერის მოპოვებას ევროპარლამენტის არჩევნებზე, რომ გავლენა პოლიტიკასა და საკანონმდებლო საქმიანობაზეც იქონიონ. ერთი რამ ცხადია – ივნისის არჩევნები ნამდვილი გამოცდა იქნება ლიბერალური დემოკრატიისა და იმ ევროპისთვის, რომელსაც აქამდე ვიცნობდით.

ავტორი: მონიკა პინა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend