მთავარიევროპაგერმანიაგერმანული კომპანიები ექსტრემიზმის წინააღმდეგ ერთიანდებიან

გერმანული კომპანიები ექსტრემიზმის წინააღმდეგ ერთიანდებიან

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგის ზრდის ფონზე გერმანული კომპანიები ექსტრემიზმის წინააღმდეგ ერთიანდებიან. კომპანიების გაერთიანება ულტრამემარჯვენე პარტიას “ალტერნატივა გერმანიისთვის” იზოლაციონიზმისა და პოპულიზმის გამო აკრიტიკებს.

„მერსედესმა”, „დოიჩე ბანკმა” და ათობით სხვა კომპანიამ შექმნა გაერთიანება, რომლის მიზანიც იმის ხაზგასმაა, რომ შეუწყნარებლობა ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზიანებს. ისინი აღნიშნავენ, რომ გერმანიას კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად მრავალფეროვანი სამუშაო ძალა სჭირდება.

ალიანსის ერთ-ერთი წევრი გერმანიის რკინიგზის კომპანიაა. „დოიჩე ბანში” ამბობენ, რომ ექსტრემიზმთან ბრძოლა გადაუდებელია და ახლა მის წინააღმდეგ ხმის ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ევროპის ღიაობა საფრთხის ქვეშ დგება. საფრთხის ქვეშაა ევროპის ერთიანობაც. ჩვენ, როგორც სატრანსპორტო კომპანია, მივიჩნევთ, ეს ღირებულებები ჩვენი ბიზნესის საფუძველია“, – ამბობს ანია ბროკერი, „დოიჩე ბანის” სპიკერი.

ექსტრემიზმს ყველა ბიზნესი არ ეწინააღმდეგება. რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „მიულერის“ მფლობელმა მედიასთან განაცხადა, რომ ის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერთან მეგობრობს და ისინი ერთად პოლიტიკის საკითხებსაც განიხილავენ. მას შემდეგ, რაც კომპანიის მფლობელისა და პარტიის ლიდერის შეხვედრის შესახებ ცნობები გავრცელდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა კომპანიებს მოუწოდა, დადგნენ ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ.

პოლიტოლოგი კნუტ ბერგმანი ამბობს, რომ კომპანიათა ამგვარი გაერთიანება უნიკალური შემთხვევაა, რადგან გერმანული ბიზნესები, ჩვეულებრივ, პარტიული პოლიტიკისგან დისტანცირებას ირჩევენ.

„საკმაოდ ნათელია, თუ ვინაა მტერი. ჩვენ გვქონია კამპანიები მრავალფეროვნებისა და ღიაობისთვის, მაგრამ არასდროს გავერთიანებულვართ კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ“,  აღნიშნავს კნუტ ბერგმანი, „გერმანიის ეკონომიკური ინსტიტუტის” ბერლინის ოფისის ხელმძღვანელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend