ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უხვი ნალექის შედეგად, წყალდიდობები წარმოიქმნა, რამაც მრავალი პრობლემა და შეფერხება გამოიწვია.
კვლავ გადაუღებლად წვიმს გერმანიის სამხრეთში, სადაც ამ დროისთვის წყალდიდობის შედეგად 5 ადამიანია გარდაცვლილი. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა გერმანიის მეზობელ პოლონეთშიც – დაიტბორა გზები და შენობები.
ავსტრიაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობების გამო მდინარე დუნაის მთელი მონაკვეთი დაიკეტა. შეჩერებულია გადამზიდი გემების მოძრაობა. დუნაი ავსტრიაში 350-კილომეტრიან მანძილს ფარავს.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა შერდინგშიც, სადაც წყლის დონემ პიკს გასული დღის შუა დღისთვის მიაღწია. დაიკეტა გზები. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს აფრთხილებს, მოერიდონ მდინარეების სიახლოვეს ყოფნას. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვითარება მალე შემსუბუქდება.
რთული მდგომარეობაა გერმანიის სამხრეთის რეგიონებში, კერძოდ, ბავარიასა და ბადენ-ვიურტემბერგშიც, სადაც უხვი ნალექისა და გადაუღებელი წვიმის გამო კვლავ წყალდიდობაა. რამდენიმე მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა. გარდაიცვალა ხუთი ადამიანი. ხელისუფლება ამ დრომდე ეძებს ერთ-ერთ დაკარგულ მეხანძრე-მაშველს. ქალაქ პასაუში მაშველები ქალაქის ქუჩებში ნავებით დადიან და მოსახლეობას ეხმარებიან.
ბავარიის შტატის პრემიერმა მარკუს ზიოდერმა განაცხადა, რომ ადგილობრივი მთავრობა სულ მცირე 100 მილიონ ევროს გამოყოფს დაზარალებულთა დასახმარებლად.