გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 78-ე სესიის ფარგლებში მიიღო „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია, რომელიც საქართველოსა და სხვა 63 ქვეყნის მიერ იყო ინიციირებული.
Within the scope of its 78th session, the UNGA has once again adopted the resolution on “Status of IDPs & Refugees from Abkhazia, Georgia & Tskhinvali region/South Ossetia, Georgia” with the highest ever 103 votes in favor. The resolution is of tremendous importance in the case…
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) June 4, 2024
ამ რეზოლუციას საქართველო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.
რეზოლუციის განხილვისას რეზოლუციის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ლიეტუვამ (ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით), უკრაინამ, იაპონიამ და ავსტრალიამ (კანადისა და ახალი ზელანდიის სახელით).
„ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხება გლობალურ ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა წინაშე არსებულ გამოწვევას. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ გამოხატონ ფართო მხარდაჭერა ამ რეზოლუციის მიმართ“, – განაცხადა ჯეიმს ლარსენმა, ავსტრალიის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში.
„იაპონია ხაზს უსვამს საერთაშორისო სამართლის მიმართ, მათ შორის, გაეროს ქარტიის მიმართ ერთგულებას. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებებს ევროკავშირში უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისა და მომავლისკენ“, – განაცხადა შინო მიცუკომ, გაეროში იაპონიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ წელს პირველად რეზოლუციის განხილვაში მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის პრეზიდენტმა დენის ფრანცისმა, რომელიც სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
„მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ასევე მხარს ვუჭერ ყველა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას გაეროს წესდებისა და გენერალური ასამბლეის ყველა შესაბამისი რეზოლუციის შესაბამისად, რომლებიც ასახავს გენერალური ასამბლეის მორალურ და პოლიტიკურ ნებას“, – განაცხადა დენის ფრანცისმა, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის პრეზიდენტმა.
რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. წელს პირველად რეზოლუციას მხარი დაუჭირა სომხეთმა, რომელიც მანამდე თავს იკავებდა, ან ხმას წინააღმდეგ აძლევდა. რეზოლუციას წელს პირველად შეუერთდნენ სამხრეთ აფრიკა და არგენტინაც. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 9 ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ და სირიამ. 53-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, მათ შორის საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ.
პოლიტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის აზრით, სომხეთის პოზიციის ფონზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ რეზოლუციაზე თავშეკავება შემაშფოთებელია.
საქართველოს ხელისუფლებაში დიდ გამარჯვებად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ რეზოლუციას მხარი 103-მა ქვეყანამ დაუჭირა.
რაც შეეხება ჩინეთის პოზიციას, ხელისუფლების წევრები მიიჩნევენ, რომ სტრატეგიული პარტნიორის თავშეკავება მხარდაჭერის ტოლფასია.