მთავარიამერიკააშშაშშ მექსიკის საზღვარზე უკანონო მიგრაციის კონტროლს ამკაცრებს

აშშ მექსიკის საზღვარზე უკანონო მიგრაციის კონტროლს ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები საზღვრის დაცვისა და მექსიკიდან მიგრანტთა რაოდენობის შემცირებისთვის შტატებში არალეგალურად ჩასული მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების ზომებს ამკაცრებს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულება, რომელიც საზღვრის არალეგალურად კვეთისას დაკავებული მიგრანტების დეპორტაციის, ან პირდაპირ მექსიკაში გაბრუნების გამარტივებას ითვალისწინებს, ძალაში უკვე შევიდა. გადაწყვეტილების შესახებ ბაიდენმა 4 ივნისს თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა.

შეზღუდვები სამხრეთის საზღვრის გადატვირთვის შემთხვევაში იმოქმედებს, ამოქმედდება მაშინ, როდესაც მიგრანტების რაოდენობას შესაბამისი სამსახურები ვეღარ გაუმკლავდებიან. ასეთ დროს მათ მიგრანტების სწრაფად დეპორტაციის უფლება ექმნებათ.

გამონაკლისი იქნებიან ბავშვები, რომლებიც საზღვარს თანმხლები პირის გარეშე კვეთენ, ადამიანები, რომელთა ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხე ემუქრება და ტრეფიკინგის მსხვერპლნი.

„ვიღებ ზომებს, რათა მიგრანტებს, რომლებიც ჩვენს სამხრეთ საზღვარს კვეთენ, თავშესაფრის მიღება აეკრძალოთ, თუ ისინი თავშესაფარს დადგენილი, კანონიერი პროცესით არ მოითხოვენ. ეს ქმედება დაგვეხმარება საზღვარზე კონტროლის მოპოვებასა და წესრიგის აღდგენაში. აკრძალვა იმოქმედებს მანამ, სანამ არალეგალურად შემოსვლის მცდელობების რაოდენობა არ შემცირდება იმ დონემდე, რომ ჩვენმა სისტემამ პროცესის ეფექტურად მართვა შეძლოს. ეს ბრძანება შეესაბამება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა ჩვენს პასუხისმგებლობას“, – თქვა ჯო ბაიდენმა.

2021 წელს ბაიდენი პირობას დებდა, რომ მისი წინამორბედის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს შეამსუბუქებდა. ბაიდენმა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, მიგრანტებისადმი მკაცრი პოლიტიკით ცნობილი დონალდ ტრამპი, გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებს მიგრანტების დემონიზებას და არ გააკეთებს იმას, რასაც ტრამპი პრეზიდენტად კიდევ ერთხელ არჩევის შემთხვევაში გეგმავს.

„მე მჯერა, რომ იმიგრაცია ყოველთვის იყო ამერიკის სასიცოცხლო ძალა. თავისუფლების ქანდაკება არის ამერიკის ისტორიის რელიკვია. ის ასახავს იმას, თუ რა არის ამერიკის შეერთებული შტატები. მე არასდროს ვეცდები იმიგრანტების დემონიზებას, არასდროს ვიტყვი, რომ ისინი ქვეყნის სისხლს წამლავენ, არასდროს გავაცალკევებ ბავშვებსა და მათ ოჯახებს საზღვარზე, არასდროს გავყრი ხალხს ქვეყნიდან მათი აღმსარებლობის გამო, არ გამოვიყენებ არმიას მილიონობით ადამიანის სახლებიდან გამოსაყვანად და მათ ბანაკებში მოსათავსებლად, რათა დეპორტაციას დაელოდონ. ეს ისაა, რასაც ჩემი წინამორბედი ამბობს, რომ გააკეთებს იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს“, – თქვა ბაიდენმა.

4 ივნისს თეთრ სახლში გამოსვლისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში ახლა მიგრანტების კრიზისია და ამერიკის შეერთებულ შტატებს საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.

„ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ მარტივ ჭეშმარიტებას იმისთვის, რომ დავიცვათ ამერიკა, როგორც ქვეყანა, რომელიც იმიგრანტებს იღებს. უპირველეს ყოვლისა, საზღვარი უნდა დავიცვათ და ეს ახლა უნდა გავაკეთოთ. ჭეშმარიტება ისაა, რომ მსოფლიოში მიგრანტების კრიზისია და თუ ჩვენ არ დავიცავთ საზღვრებს, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც აქ ჩამოსვლას ცდილობენ, ვერ დარეგულირდება, რადგან მსოფლიოში არ არსებობს უკეთესი ადგილი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებია“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მექსიკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად ჩასვლას ყოველდღიურად ათასობით მიგრანტი ცდილობს. გასული წლის დეკემბერში მიგრანტების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, მხოლოდ ერთ დღეში ქვეყანაში შესვლა 10 000-ამდე მიგრანტმა სცადა. ახალი შეზღუდვები იმ შემთხვევაში მოიხსნება, თუ ერთი კვირის განმავლობაში საზღვარზე დაკავებულ მიგრანტთა საშუალო რაოდენობა 1500-ზე ნაკლები იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend