ევრონიუსის ჟურნალისტები ევროპულ მოვლენებს ყურადღებით ადევნებდნენ თვალს. 6-იდან 9 ივნისის ჩათვლით, ევროპარლამენტის რიგით მე-10 არჩევნები გაიმართება. დაკვირვების საფუძველზე ჟურნალისტები გვთავაზობენ მოსაზრებებსა და პროგნოზებს იმ მოვლენებზე, რომლებიც არჩევნებს უძღვის წინ.
რა არის არჩევნების წინ ევროკავშირის ყველაზე დიდი გამოწვევები?
ჯეკ შიკლერი, კორესპონდენტი ფინანსურ საკითხებში: „არჩევნებზე წასვლისას ხალხისთვის საყოფაცხოვრებო ხარჯების ზრდა ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა მთელს ევროპაში, გამოკითხულთა ორმა მესამედმა თქვა, რომ ფასების ზრდის შეჩერება ევროკავშირისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს. ელექტროენერგიის გადასახადი 40%-ით არის გაზრდილი. ყოველი მესამე ევროპელი ამბობს, რომ გაუთვალისწინებელ ხარჯს უბრალოდ ვერ დაფარავს. ასე რომ, მაშინ, როცა ევროკავშირი ენერგეტიკულ პოლიტიკასა და კლიმატის ცვლილებზე ფიქრობს, ნამდვილად მოუწევს იმაზე ფიქრიც, თუ როგორ იმოქმედებს ეს ხალხის ჯიბეზე.
რა იქნება ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკა?
შონა მიურეი, კორესპონდენტი ევროპის საკითხებში: „უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო, თავდაცვა ევროკომისიისა და ახალი პარლამენტის მთავარი საზრუნავი იქნება. ევროპაში ხვდებიან, რომ ეს ომი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ასევე ევროპაში საფუძვლიანი შიში არსებობს, რომ ომი უკრაინაში, არ იქნება უკანასკნელი კონფლიქტი კონტინენტზე. ევროპა ხვდება, რომ მის დაცვასა და უსაფრთხოებას ამერიკის შეერთებული შტატები ვერ უზრუნველყოფს, შესაბამისად ევროკავშირს დასჭირდება საკუთარი სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნა.“
გადარჩება თუ არა ევროპის მწვანე შეთანხმება ულტრამემარჯვენე კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში?
რობერტ ჰოჯსონი, კორესპონდენტი გარემოსა და ენერგეტიკის საკითხებში: “ევროკავშირმა დააწესა სათბური გაზების ემისიების 55%-ით შემცირება ათწლეულის ბოლომდე. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ცვლილებები შემდეგი მოწვევის კომისიამ და პარლამენტმა უნდა განახორციელონ. არჩევნების წინ, ჩვენ გვყავს მემარჯვენე პარტიები, რომლებიც არჩევნებზე ფერმერების მხარდასაჭერად გამოდიან და მწვანე შეთანხმების შეჩერებაზე საუბრობენ… ასე, რომ არჩევნების წინ ასეთი მდგომარეობაა, თუმცა არჩევნების შემდეგ რა იქნება, ეს სხვა საკითხია…“