ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უხვი ნალექით გამოწვეულ წყალდიდობებსა და სტიქიით გამოწვეულ შედეგებს ებრძვიან. იტალიაში მაშველები ამ დრომდე ეძებენ ერთ მამაკაცს, რომელიც უეცრად მოვარდნილმა წყლის ნაკადმა გაიტაცა. ვითარება საგრძნობლად შემსუბუქდა შვეიცარიაში, თუმცა არა ყველა რეგიონში, სადაც ჯერ კიდევ განგაშის მაღალი დონეა. გერმანიაში კი წყალდიდობებს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი ცხედრები მაშველებმა დატბორილ სარდაფებში აღმოაჩინეს.
ბოლო ინფორმაციით, სამხრეთ გერმანიაში წყალდიდობების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. სამი მათგანის ცხედარი დატბორილ სარდაფებში აღმოაჩინეს. ერთი მეხანძრე-მაშველი კი იმ დროს დაიღუპა, როდესაც იგი დაზარალებული მოქალაქეების გადარჩენას ცდილობდა. მდინარე დუნაის ადიდების გამო, რომლის დონე თითქმის 6 მეტრს აღწევს, ქალაქ რეგენსბურგში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
მდინარე რაინი აარესა და ბაზელს შორის ჯერ კიდევ საგანგაშო, მესამე დონეზეა, ადიდებულია ბოდენის ტბაც. რამდენიმე ადგილას წყალი კალაპოტიდან გადმოდის. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ წყლის დონე რამდენიმე დღის განმავლობაში კიდევ მოიმატებს და შესაძლოა მეოთხე დონესაც მიაღწიოს.
წყალდიდობაა ჩრდილოეთ იტალიაშიც. მყვინთავები და სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები დრონებითა და ვერტმფრენებით ეძებენ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც უეცრად მოვარდნილმა წყლის ნაკადმა გაიტაცა. წინა დღით მაშველებმა მასთან ერთად მყოფი ორი ქალის ცხედარი იპოვეს. მეგობრები ფრიული ვენეცია-ჯულიას ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, მდინარე ნატიზონესთან იყვნენ, როდესაც მოულოდნელად წყლის დონის მატება დაიწყო.