პოპულისტური ულტრამემარცხენე ფრაქციები და პარტიები მზად არიან ევროკავშირის მასშტაბით ახალ საპარლამენტო ჯგუფში გაერთიანდნენ, რათა ულტრამემარჯვენე პარტიებს კონკურენცია გაუწიონ.
ერთ-ერთი ასეთი ჯგუფია სარა ვაგენკნეხტის ალიანსი „მიზეზი და სამართლიანობა“, რომელიც პოპულისტური და სუვერენული პლატფორმით გამოდის არჩევნებზე. ევროკავშირის მასშტაბით მსგავს პარტიებთან წინასწარი მოლაპარაკებების დაწყება გარდაუვალია.
ეგრეთწოდებული „წითელი სუვერენისტების“ ამჟამინდელი მიზანია უკიდურესი მემარჯვენეებისთვის პოპულისტური ხმების წართმევა, ხოლო სტრატეგიული მიზანი – ტრადიციულ ცენტრისტულ-ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიებთან იდეოლოგიურ დისკუსიაში შესვლა.
ამ ახალი ჯგუფის ლიდერი სავარაუდოდ გერმანელი რადიკალი მემარცხენე სარა ვაგენკნეხტი იქნება. მისი ჯგუფი გერმანიაში პოპულისტური ულტრამემარჯვენე ამომრჩევლების გადმობირებას შეეცდება.
პოპულისტური და ნაციონალისტური მემარცხენე პარტიების საერთო მოწოდებაა „ჩვენი ქვეყნის გაჭირვებული ხალხი უპირველეს ყოვლისა“, განაცხადა Euronews-ის კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსმა ბოიდ ვაგნერმა.
Euronews-ის კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსების აზრით, ზოგიერთ საკითხზე მათი განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, პოპულისტურ და ნაციონალისტურ მემარცხენეებს შორის პოტენციურ მოკავშირეებს შეუძლიათ საერთო ენა გამოძებნონ კონტინენტის ეკონომიკური გასაჭირის დასაძლევად მწვანე შეთანხმების გაუქმებით, აღმოსავლეთ ევროპაში ომის შეჩერებითა და მიგრაციის შენელებით, რომელიც ამ ჯგუფების მიერ უმუშევრობის მკვეთრი მატებისა და დაბალი ხელფასების მთავარ მიზეზად მიიჩნევა.
Euronews-ის კვლევითი ცენტრის თანახმად, ბრიუსელსა და სტრასბურგში ვაგენკნეხტის პოტენციური მოკავშირეები, შესაძლოა, იტალიურ „5 ვარსკვლავის მოძრაობასა“ და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მემარცხენე ცენტრისტულ პარტიაში მოიძებნოს.
ევროკავშირის მასშტაბით, სხვა პარტიები და მოძრაობებიც შეიძლება შეუერთდნენ ვაგენკნეხტის ექსპერიმენტს, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ბულგარეთი, პორტუგალია, საბერძნეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, სადაც რუსულ უმცირესობებს საკუთარი პარტიები აქვთ.