მთავარისაქართველო„ქართულ ქარტიას” ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ხელი მოაწერა

„ქართულ ქარტიას” ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ხელი მოაწერა

3 ივნისს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ორბელიანების საპრეზიდენტო სასახლეში ხელი მოაწერეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შედგენილ ქარტიას. „ქართულ ქარტიას“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და პარტიების უმრავლესობა შეუერთდა. ის პოლიტიკოსები, რომლებიც პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდნენ, ამბობენ, რომ ეს ერთობა არის ერთადერთი მყარი გამოსავალი იმ ჩიხური პოლიტიკური ვითარებიდან, რაც დღეს საქართველოშია და არის საუკეთესო მოდელი როგორც პოლიტიკოსებისათვის, ისე საზოგადოებისთვის.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, საზოგადოებას სთავაზობს ძალიან მკაფიო პოლიტიკურ სიცხადეს, თუ ვის და რის შორის აქვთ მათ არჩევანი. ეს არის ერთი მხრივ რუსეთი, მეორე მხრივ კოალიციური, პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ვალდებულებებით არის დახუნძლული.

ეს მოგვცემს საშუალებას პირველი – დავაბრუნოთ სამართლიანი არჩევნები;

მეორე – ევროპული დღის წესრიგის დაძვრა ჩიხიდან, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” შექმნა;

მესამე – რეფორმები, რომლებიც დაასრულებს საბჭოთა კავშირს ჩვენს ქვეყანაში, რის გამოც წრეზე დავდივართ ათწლეულებია;

მეოთხე – ერთობის დემონსტრირება.

ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მიუხედავად განსხვავებისა, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ კოალიციური მუშაობისა და შეთანხმების მინიმალური უნარი ხალხის ინტერესების გარშემო. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ დოკუმენტს, დათქმების გარეშე ვაწერთ ხელს და ვალდებულებას ვიღებთ მის ზედმიწევნით შესრულებაზე”,- განაცხადა პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

ქარტიის მომხრე პოლიტიკოსების გარდა არიან მოწინააღმდეგეებიც. ოპოზიციური პარტიებიდან სამმა, პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის“, „გირჩმა“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ თავი შეიკავა, სალომე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიაზე“ ხელის მოწერისგან. ამის მიზეზად, მაგალითად, „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიის წარმომადგენლები წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის ერთობის ბუნდოვანებას ასახელებენ. მათი თქმით, ეს ქარტია ძირითადად არჩევნების შემდგომ პერიოდსა და ევროპულ კურსზე დაბრუნებისკენაა ორიენტირებული, რაშიც ისინი პრეზიდენტს ეთანხმებიან და მხარს უჭერენ. თუმცა ხელის არ მოწერა ქარტიის იმ შინაარსს უკავშირდება, რომელიც პარტიათა არჩევნებში მონაწილეობასა და სიის ფორმირებას მათთვის ბუნდოვანს ხდის.

“გვსურს, კიდევ ერთხელ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ამ რთულ დროს ღირსეულად წარმოადგინა საქართველოს ინტერესები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სრულად უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიციირებული „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული რეფორმების ნაწილს და იღებს პოლიტიკურ ვალდებულებას ამ რეფორმების გატარების მხარდაჭერაზე.

რაც შეეხება ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისა და, შესაბამისად, დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხს, მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის. რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების, როგორც გადამწყვეტი არჩევნების, მნიშვნელობას აზიანებს. ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ ვერ მოაწერს წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს.

გვესმის ერთიანობის ფასი, მაგრამ ასეთი ერთიანობა უნდა ეფუძნებოდეს საერთო მიზანს. ასეთი მიზანი დღეს ყველა ჩვენგანისთვის, პირველ რიგში, არის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარება“, – განაცხადა „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა.

„ქართულ ქარტიაზე“ პოლიტიკური ოპონენტების მიერ ხელის მოწერას „ომის ქარტიაზე“ შეერთებას უწოდებენ მმართველ პარტიაში. „ქართული ოცნების“ ლიდერები მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა რადიკალური ოპოზიცია შეკრიბა და მათი ერთობით აპირებენ არჩევნებში გამარჯვებას.

„ქარტია თავის თავში აერთიანებს ყველა იმ რადიკალურ ჯგუფს, რომელიც ორი წელია საქართველოს სხვადასხვა მექანიზმით ექაჩებოდა ომში. ამ პარტიებს მისხალი ძალაუფლებაც რომ ჰქონოდათ და შესაძლებლობა გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების, მათი ჭკუით რომ ემოქმედა საქართველოს ხელისუფლებას, საქართველო გახვეული იქნებოდა ომში, საქართველო იქნებოდა ეკონომიკურად კოლაფსის წინაში. აი, ამ პარტიების ომის ქარტიას ეწერება დღეს ხელი. ასე რომ, ცალ მხარეს არის ომის ქარტია და იქ გაერთიანებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველა თავისი ნამსხვრევით, მეორე მხარეს არის მშვიდობის, დერადიკალიზაციისა და დეპოლარიზაციის წამხალისებელი კანონი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

სამ ივნისს იყო ბოლო დღე, როდესაც პრეზიდენტის შეთავაზებით შექმნილ ქარტიაზე შეეძლოთ ოპოზიციურ პარტიებს ხელის მოწერა. 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში ქარტიაზე ხელისმომწერი ყველა ოპოზიციური პარტია იმ ფორმით მიიღებს მონაწილეობას, რა ფორმითაც შეთანხმდებიან. თუმცა ისინი პირობას დებენ, რომ ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამენ.

ამავე ქარტიის სულისკვეთების მიხედვით, ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი, როდესაც ქართველი ხალხი ქვეყნის საგარეო კურსს გადაწყვეტს.

„ქართული ქარტიის” შესახებ სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, განაცხადა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend