მთავარისაქართველოთბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

ქართული თუ საერთაშორისო გამომცემლობების მიერ გამოცემული წიგნები, ბავშვების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა, ქართველი მცირე მეწარმეების მიერ დამზადებული პროდუქტები, საინტერესო საუბრები და პრეზენტაციები. თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალზე მისულ მკითხველს მრავალი სიახლე და ღონისძიება დახვდა.

ტრადიციულად ფესტივალზე განსაკუთრებით პოპულარულია პროექტი „მსახიობები ლიტერატურისთვის”, რომლის ფარგლებშიც ქართველი მსახიობები მათ მიერ შერჩეულ წიგნებს მკითხველებს აცნობენ. ფესტივალზე მისული მარიამ ბაროკოვა ამბობს, რომ თავისი ასაკის მსახიობების მოსმენით წიგნებით უფრო დაინტერესდა.

„ძალიან კარგი პროექტია, რადგან ეს მსახიობები Gen-Z-ისთვის მისაბაძი ადამიანები არიან. მე დავესწარი ბუკა თოლორდავას გამოსვლას, ასევე ნია გუგავას და სანდრო სამხარაძეს ვუსმენდი. ბუკა თოლორდავამ ძალიან დამაინტერესა „ჩემი პატარა ქალაქით“, რომელიც რეზო გაბრიაძის ნაწარმოებია,“ – ამბობს მარიამ ბაროკოვა, რომელიც წიგნების წარდგენას დაესწრო.

ფესტივალზე წიგნები პირველად წარადგინეს მსახიობებმა გიორგი წერეთელმა და გიორგი რაზმაძემაც.

„უმნიშვნელოვანესი დღეებია, რომლებსაც წიგნის ფესტივალი ქართველ საზოგადოებას აჩუქებს. რა თქმა უნდა, ყველა პროფესია წიგნისა და ცოდნის პოპულარიზაციას უნდა ცდილობდეს. ამიტომ მიხარია, რომ მსახიობები ამ საქმეში არიან ჩართულნი. ძალიან საინტერესო იყო იმ წიგნების გაზიარება მსმენელისთვის, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ჩემთვისაა ძალიან შთამბეჭდავი,“ – ამბობს მსახიობი გიორგი წერეთელი.

პროექტში პირველად მონაწილეობს მსახიობი გიორგი რაზმაძეც.

„ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და პროდუქტიული ფესტივალია. მე წარვადგენ იტალო კალვინოს რომანს „არარსებული რაინდი”, რომელიც შუასაუკუნოვან ომზეა, პოსტმოდერნისტული თამაშია. ის ძირითადად ომის აბსურდულობასა და იდეოლოგიაზეა. ის ხაზს უსვამს, რომ დროთა განმავლობაში იდეოლოგიები არ იცვლება, ომის აბსურდულობა იგივე რჩება და სიყვარული ყველაფერში იმარჯვებს“, – ამბობს გიორგი რაზმაძე.

მას შემდეგ, რაც შვიდი წლის წინ პროექტი „მსახიობები ლიტერატურისთვის” დაარსდა, მასში მონაწილეობას იღებს მსახიობი ბუკა თოლორდავა. მან მკითხველებს გივი კერვალიშვილის „ბომბორა“ და რეზო გაბრიაძის „ჩემი პატარა ქალაქი“ წარუდგინა.

„ჩემს პროფესიაში ლიტერატურა ძალიან მნიშვნელოვანია. საერთოდ მგონია, რომ ხელოვნების ყველა დარგი ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირშია. თეატრი და ლიტერატურაც ერთმანეთის გარეშეც წარმოუდგენელია. მსახიობს ასევე აქვს იმის უნარი, რომ მისი მაყურებლისთვის სამაგალითო იყოს. იმაზე უკეთესი მაგალითი რა უნდა მივცე, რომ წიგნები იკითხონ“, – ამბობს ბუკა თოლორდავა.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით წელს ამ კონკრეტულ პროექტში მონაწილეობას ახალგაზრდა მსახიობები იღებენ. მათ გარდა „ექსპო ჯორჯიაში” გამოფენაზე მისულ მკითხველებს წიგნები ქუთაისის წიგნის მოყვარულთა კლუბის ახალგაზრდებმაც წარუდგინეს.

„ჩვენი იდეა მსახიობების, როგორც მკითხველების, როგორც მოაზროვნეების, როგორც წიგნის მეგობრების, პოპულარიზაციას მოიცავს. გარდა ამისა, ჩვენი პროექტი ორი ნაწილისგან შედგება. მსახიობები წარადგენენ წიგნებს და ასევე ახალგაზრდები, ბავშვები სხვადასხვა სკოლიდან, წიგნის მოყვარულები წარადგენენ წიგნებს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ახლა ახალგაზრდებმა გამოთქვან თავიანთი აზრი. ეს არის შესაძლებლობა არა მარტო წიგნი წარადგინო ან ავტორზე ისაუბრო, არამედ საკუთარ სატკივარსა და საფიქრალზე ისაუბრო“, – ამბობს „მსახიობები ლიტერატურისთვის” ერთ-ერთი ორგანიზატორი, მსახიობი ნინო კასრაძე.

ლიტერატურის მოყვარულებს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წიგნებთან დაკავშირებით მრავალი სიახლის გაგება, ახალი გამოცემების გაცნობა და მათი შეძენა 2 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend