პრაღაში, ნატოს მინისიტერიალზე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის მომავალი ტრანსატლანტიკურ სამხედრო ალიანსშია.
„მოკავშირეები თანხმდებიან, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია და ჩვენ გსურს, რომ ამ მიმართულებით წინსვლა გვქონდეს. ნატოში წევრობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტია იქნება. ეს უზრუნველყოფს გრძელვადიან მშვიდობასა და რეკონსტრუქციისთვის საჭირო სტაბილურობას”, – განუცხადა სტოლტენბერგმა პრაღაში ჟურნალისტებს.
NATO Foreign Ministers wrapped up a two-day meeting in Prague 🇨🇿 prepping for the upcoming Washington #NATOSummit in July. Supporting Ukraine remains a key priority for the Alliance.
Read more ↓#ForMin | #StandWithUkraine 🇺🇦
— NATO (@NATO) May 31, 2024
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ჩეხეთის დედაქალაქში შეხვდნენ ერთმანეთს არაფორმალურ მინისტერიალზე, რათა მომზადებულიყვნენ ვაშინგტონის სამიტისთვის. ალიანსი უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს. ქვეყნები სათითაოდ ხსნიან შეზღუდვებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კიევმა გამოიყენოს დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას მისცა ნებართვა, გამოიყენოს ამერიკული საბრძოლო მასალები რუსეთის შიგნით დარტყმისთვის, თუმცა მხოლოდ ხარკივის დასაცავად. ასევე რუსეთის ტერიტორიაზე თავდაცვის მიზნით იარაღის გამოყენების უფლებაზე თანხმობა გამოთქვეს ნიდერლანდების, ფინეთის, პოლონეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
მოკავშირეების მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერება მოჰყვა ბოლო კვირებში რუსეთის მხრიდან ხარკივის რაიონზე საარტილერიო დარტყმებს, რომელსაც უკრაინა დასავლური იარაღის გარეშე ვერ უმკლავდება.
სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ნატო უკრაინას ყოველწლიურად 40 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას აწვდის. მან მოკავშირეებს მოუწოდა, რომ აღნიშნული რაოდენობა უნდა გახდეს ყოველწლიური დახმარების მინიმუმი.
„ჩვენ უნდა დავრჩეთ ფხიზლად. ჩვენ უნდა ვადაპტირდეთ და განვავითაროთ ჩვენი მხარდაჭერის ფორმები ომის განვითარებასთან ერთად. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხები დღევანდელ შეხვედრაზე და გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო კოორდინაციას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ალიანსი წელს 75 წლის იუბილეს აღნიშნავს. ლიდერები ივლისში ვაშინგტონში შეიკრიბებიან. სტოლტენბერგმა თქვა, რომ იმედოვნებს, სამიტზე შეძლებს გამოაცხადოს, რომ წევრთა მინიმუმ ორმა მესამედმა მთლიანი შიდა პროდუქტის 2% თავდაცვის ბიუჯეტისთვის გამოყო.