საქართველოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება – ასეთია მთავარი დასკვნა, რომელიც OSCE/ODIHR-ის ოცდაათგვერდიან დოკუმენტშია მოცემული.
„ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი” ანალიზისას წერს, რომ საქართველოში მიღებული კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასაშუალებებს „უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად” საზღვრავს მხოლოდ და მხოლოდ საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსებისთვის, არ შეესაბამება ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო სამართალში აღნიშნულ მკაცრ მოთხოვნებს. ასევე თავისი მიზნებითა და მასშტაბებით განსხვავდება, ამერიკული და ავსტრალიური კანონებისგან და რეკომენდებულია მისი გაწვევა.
ამ დასკვნას მალევე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები თბილისიდან. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ დოკუმენტს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს და მხოლოდ შეფასებების დონეზეა წარმოდგენილი. მმართველ გუნდში ამ დასკვნაზეც ამბობენ, რომ მათთვის დოკუმენტში მოყვანილი ობიექტური არგუმენტები არ არის.
„რაც შეეხება ეუთო/ოდირის დასკვნას, ნახეთ, რომ მოკლე ვადაში დაიწერა ეს დასკვნა და ამ დასკვნის ერთ-ერთი და როგორც მე ვვარაუდობ, მთავარი ავტორი არის ადამიანი, რომელმაც ასევე დაწერა ევროსაბჭოს დასკვნა და რომელიც იმავე დროს იყო მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოში. ამტკიცებდა, რომ გირგვლიანის საქმე და ვალერი გელაშვილის ცემის საქმე არაფერი ყოფილა თურმე. ახლა ჩვენ გვიმტკიცებს დასკვნის საშუალებით, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა თურმე ცუდია. ჩვენ ჩვენი კითხვის ნიშნები გვაქვს ასეთ დასკვნებთან დაკავშირებით. ხომ არ შეიძლება ამდენი დამთხვევა?! ბოლო-ბოლო არ არსებობს დედამიწაზე სხვა ადამიანი? მაინცდამაინც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს რატომ უნდა დააწერინო დასკვნა?! რადგან ეს ადამიანი იყო ერთადერთი ავტორი ევროსაბჭოს დასკვნის, დიდი ალბათობით, მთლიანად ამ ადამიანს მიანდვეს და მისი ტექსტია“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ეუთო/ოდირის ეს დასკვნა საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, თეონა აქუბარდიასა და პაატა მანჯგალაძის, მიმართვის საფუძველზე შეიმუშავა შემფასებელმა ორგანიზაციამ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეუთო/ოდირის ეს დასკვნა ვენეციის კომისიის შეფასებასთან ერთად სამოქალაქო სექტორისთვის სერიოზული იარაღი იქნება, ჯერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი ბრძოლისათვის, ხოლო შემდგომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნად, რათა ე.წ. „გამჭვირვალობის კანონი“ გაუქმდეს.
„ჯერ ჩამოვიდა ვენეციის კომისიის დასკვნა, სადაც ღიად წერია, რომ კანონი უნდა გაუქმდეს, რადგან ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არღვევს ფუნდამენტურ უფლებს. ახლა ჩვენი მიმართვის საფუძველზე ჩამოვიდა კიდევ მეორე კრიტიკული დასკვნა, რომელიც კანონთან მიმართებით „ქართული ოცნების“ ტყუილის კიდევ ერთი მხილებაა. სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ“ ვენეციის კომისიას არ მიმართა, არ მიმართა ასევე ეუთო-ოდირის სამართლებრივი შეფასებისთვის. მადლობა მინდა ვუთხრა ეუთო-ოდირის ექსპერტებს იმ სამართლებრივი, სწრაფი რეაგირებისთვის, რომელიც ამ კანონზე ჩამოვიდა. „ქართული ოცნება“ ერთი თვის მანძილზე უტიფრად ტყუოდა. პუნქტობრივად არის ჩამოსული სრული კრიტიკა. ღიად არის ნათქვამი, რომ „რუსული კანონი“ არანაირ თანხვედრაში არ არის არც ამერიკულ კანონსა და არც ავსტრალიურთან, რომელიც განმარტებით ბარათში იყო მოყვანილი.
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეუთო-ოდირი ითხოვს ამ კანონის გაუქმებას. ასევე ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა გაიწვიოს კანონი და გადადგას ნაბიჯები, რათა კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი იყოს. ეს 30-გვერდიანი დასკვნა, რომელიც დეტალურად აშიშვლებს „ქართული ოცნების“ ტყუილს, კიდევ ერთი ცივი შხაპია „ქართული ოცნებისთვის“.
იმედი მაქვს, აღნიშნული დასკვნა, ისევე როგორც ვენეციის კომისიის დასკვნა, წავა სტრასბურგის სასამართლოში, ისევე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში და გახდება დამატებითი საფუძველი იმისთვის, რომ აღნიშნული კანონი სამართლის ძალით გაუქმდეს“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.
სამოქალაქო სექტორი აპირებს, რომ საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციების დასკვნები თან დაურთონ სარჩელს, რომელიც ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება მათი საერთო სარჩელის სახით. შემდეგ კი აპირებენ, რომ თუ ამისი საჭიროება დადგება, ისინი მსგავს სარჩელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანენ.
ალეკო გვეტაძე