გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოქმედი რადიკალური მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის” წინასაარჩევნო კამპანია დარტყმის ქვეშ არის. ისმის ბრალდება, რომ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პატრიოტულ მოტივებზე აგებს წინასაარჩევნო კამპანიას, პეკინსა და მოსკოვთან თანამშრომლობს. ერთ-ერთი ბრალდება პეკინის სასარგებლოდ ჯაშუშობასაც გულისხმობს.
გასულ თვეს, პარტიის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკოსის, მაქსიმილიან კრაჰის, ასისტენტი პეკინის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. გერმანული მედიის ცნობით, დაკავებულ პირს მოსკოვთანაც სდებენ ბრალს კავშირში.
პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის” ბრალდებულ პოლიტიკოსს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება აუკრძალა მას შემდეგ, რაც მაქსიმილიან კრაჰმა იტალიურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ „სს”-ის ყველა ჯარისკაცი სამხედრო დამნაშავე არ ყოფილა.
მაქსიმილიან კრაჰი არ გახლავთ ერთადერთი პოლიტიკოსი ამ პარტიიდან, რომელიც მსგავს სკანდალში გაეხვა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბიორნ ჰოეკე სასამართლოში იცავს თავს ნაცისტური სიმბოლიკისა და ტერმინოლოგიის გამოყენების ბრალდებით, მიუხედავად ამ მოვლენებისა, პარტიის კიდევ ერთი ლიდერის, ალის ვიდელის განცხადებით, ამომრჩეველი პარტიის ერთგული რჩება.
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” წინააღმდეგ გაილაშქრა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და განაცხადა, რომ პეკინსა და მოსკოვთან კავშირში შემჩნეული პოლიტიკური პარტიისთვის ხმის მიცემა ევროპის წინააღმდეგ ხმის მიცემაა.
„მათ სული რუსულ პროპაგანდას მიჰყიდეს. მათი პარტიის წევრი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს კიდევაც, ეს ადამიანები ჩინურ მხარეს ჩვენს შიდა ინფორმაციას უზიარებდნენ”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროპარლამენტის არჩევნები 6-იდან 9 ივნისის ჩათვლით გაიმართება.