ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენდნენ. მან თქვა, რომ ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო და ცენტრალური მიმართულება, რაზეც მომდევნო პერიოდში სახელმწიფო გაამახვილებს ყურადღებას. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ მოსახლეობას ხარისხიან და სიცოცხლისთვის აუცილებელ სამედიცინო სერვისებზე წვდომა გაუმარტივა და მოქალაქეთა ჯიბიდან დანახარჯები მკვეთრად შემცირდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ტუბერკულოზის დამარცხების მიმართულებით ქვეყანაში სერიოზული წინსვლაა და საქართველო უახლოვდება იმ წერტილს, როდესაც C ჰეპატიტის დაავადება საბოლოოდ იქნება დამარცხებული. მან მედიკამენტებზეც ისაუბრა და თქვა, რომ წამლის რეალიზაციის მაქსიმალური შესაძლო ფასის დადგენა უპირობოდ დადებითად აისახა მოსახლეობის დანახარჯების შემცირებაზე.
დღევანდელ სხდომაზე „მინისტრის საათს“ არ ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რაზეც ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ სამწუხაროა, როცა ოპოზიცია არ ერთვება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში როგორიცაა ჯანდაცვა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო მუშაობას.