მთავარიმსოფლიოისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ რამალაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ რამალაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს

პალესტინის ქალაქ რამალაში მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში ხანძარს ებრძოდნენ, მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად იქ მდებარე ბაზარს გაუჩნდა ცეცხლი.

ტაისირ მანასრი, რომელიც ბაზარში რვა მაღაზიას ფლობდა, ამბობს, რომ მისი ზარალი 3 მილიონ დოლარს შეადგენს.

„ჯარი ღამით შემოვიდა ქალაქ რამალაში და აქაურ ბაზარში. ისინი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში შტურმით შეიჭრნენ. ჯიხურები ჩვენს მაღაზიებთან ახლოს იყო. მოხდა დაპირისპირება, სადაც ახალგაზრდებმა ჯარისკაცებს ქვები დაუშინეს, საპასუხოდ ჯარისკაცებმა ბაზარს ბომბები ესროლეს. ჩვენ არ ვიცით, რა სახის ბომბები იყო. როგორც ჩანს, ცეცხლგამჩენი ბომბები გამოიყენეს“, – განაცხადა ტაისირ მანასრიმ.

რამალას გუბერნატორმა ლაილა განამმა განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევი იყო ზარალის დათვლა, რადგან მეხანძრეები კვლავ აგრძელებდნენ ხანძრების ლიკვიდირებას.

„ზარალი დიდია, მაგრამ ამ დროისთვის არ არის დათვლილი, რადგან მეხანძრეების ჯგუფები ამ დრომდე აქრობენ ხანძარს. სამწუხაროა, რომ სამყაროს დიდი ნაწილი მხარს უჭერს ოკუპანტს, ეს ბაზრები, სავარაუდოდ, ამერიკული ან სხვა ქვეყნების მიერ მიწოდებული იარაღით დაწვეს, თუმცა ამაზე არავინ ილაპარაკებს. ამ ქვეყნებმა უნდა შეასრულონ თავიანთი პასუხისმგებლობა და შეაჩერონ ეს მიმდინარე საერთაშორისო ფარსი“, – განაცხადა ლაილა განამმა.

მოგვიანებით ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ვალუტის გაცვლის ჯიხურების გამოყენებით ტერორისტული დაჯგუფებები ფინანსდებოდნენ.

„წითელი ნახევარმთვარის” ინფორმაციით, დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციის შედეგად დაშავდა 13 პირი.

მათი განცხადებით, დაშავებულებიდან ხუთი ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი, სამი – რეზინის ტყვიით და ხუთი ცრემლსადენი გაზით ასფიქსიის შედეგად.

დასავლეთ სანაპიროზე ძალადობამ ღაზაში ომის დაწყების შემდეგ მოიმატა. მას შემდეგ ისრაელი პერმანენტულად იჭრება დასავლეთ სანაპიროზე არსებულ პალესტინურ ქალაქებში. ამ მოვლენების შედეგად ამ დრომდე 500-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend