უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის პარალელურად საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით – “გიძახებთ ქვეყნის სამსახურში“.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები კვლავ აპროტესტებენ გამჭვირვალობის კანონს და მმართველ გუნდს მოუწოდებენ არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო.
პარალელურად, პარლამენტის სხდომაზე პრეზიდენტის ვეტო განიხილება. მმართველი გუნდის დეპუტატები გეგმავენ, რომ ვეტო დღესვე დაძლიონ.
ათიათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე კვირაა ითხოვს, რომ პარლამენტმა გაიწვიოს კანონი “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის” შესახებ. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც ქვეყანაში გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სტიგმატიზებას.
ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორებიც მოუწოდებენ, არ დაძლიონ ვეტო.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი წერს, რომ თუ კანონი ამოქმედდა, ის მოახდენს გავლენას საქართველოს ევროინტეგრაციაზე.