მთავარიკულტურაკანის კინოფესტივალი 2024

კანის კინოფესტივალი 2024

წელს კანის 77-ე კინოფესტივალზე მთავარი პრემია ოქროს პალმის რტო ამერიკელ რეჟისორ შონ ბეიკერს გადაეცა ფილმისთვის „ანორა“. ის გვიყვება ახალგაზრდა სექსმუშაკ ქალზე ბრუკლინიდან, რომელზეც რუსი ოლიგარქის შვილი ქორწინდება.

„ეს იყო ჩემი, როგორც კინორეჟისორის, ერთადერთი მიზანი ბოლო 30 წლის განმავლობაში, დარწმუნებული არ ვარ იმაში, თუ რის კეთებას ვაპირებ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას კინოსთვის, რადგან ვთვლი, რომ ჩვენ კინორეჟისორებმა კინოს სიცოცხლე უნდა შევუნარჩუნოთ“, – ამბობს შონ ბეიკერი, კინორეჟისორი.

კიდევ ერთი კინორეჟისორი, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, ფესტივალის გრან პრი მიიღო, არის ინდოელი რეჟისორი პაიალ კაპადია. მან ჯილდო მიიღო ფილმისთვის სახელწოდებით „ყველაფერი, რასაც ჩვენ წარმოვიდგენთ როგორც სინათლეს”.

რეჟისორი პაიალ კაპადია (ცენტრში) ფილმის „ყველაფერი, რასაც ჩვენ წარმოვიდგენთ, როგორც სინათლეს” პრემიერაზე, კანი, 23 მაისი, 2024 წელი Photo by Andreea Alexandru/Invision/AP

„ძალიან დიდი მადლობა, ჩემი ოცნება იყო, რომ ამ კონკურსში ჩემი ფილმი აერჩიათ, თუმცა იმას ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჯილდოს მოვიგებდი. სცენაზე დგანან ჩემი გუნდის წევრები, ჩემი ფილმის მსახიობები, ვფიქრობ, რომ მათ გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ჩვენ ერთი ოჯახივით ვართ, მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ფილმის წარმატებისთვის და დიდი მადლობა მათ ამისთვის“, – ამბობს პაიალ კაპადია, კინორეჟისორი.

კანის კინოფესტივალზე სხვა გამარჯვებულებიც გამოავლინეს, მაგალითად, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო პორტუგალიელ რეჟისორ მიგელ გომესს გადაეცა ფილმისთვის „დიდი ტური”. სცენარისთვის განსაზღვრული ჟიურის სპეციალური პრიზი კი წილად ხვდა რეჟისორ მუჰამედ რასულოფის ფილმს სახელწოდებით „წმინდა ლეღვის თესლი”.

კინოფესტივალზე ჟიურიმ ასევე გამოავლინა საუკეთესო ქალი და მამაკაცი მსახიობები. საუკეთესო მამაკაც მსახიობად დასახელდა ჯესი პლემონსი ფილმში „სიკეთის სახეები”, ხოლო საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო ერთდროულად ოთხ მსახიობს გადაეცა: კარლა სოფი გასკონის, სელენა გომესს, ზოი სალდანასა და ადრიანა პასს, რომლებმაც მთავარი როლები შეასრულეს ფილმში „ემილია პერესი“. სწორედ ამ ფილმის რეჟისორი ჟაკ ოდიარი ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

კარლა სოფი გასკონმა მიიღო საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო ფილმში „ემილია პერესი” შესრულებული როლისთვის, კანი, 25 მაისი, 2024 წელი Photo by Andreea Alexandru/Invision/AP

კანის კინოფესტივალი კინოინდუსტრიის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია. მას თითქმის საუკუნოვანი ისტორია აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend