მთავარისაქართველოიურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

„კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მთლიანად, პირველიდან მე-10 მუხლის ჩათვლით, გასაუქმებელია“ – ასეთი დასკვნითი მოხსენებით წარსდგა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე. ამ კომიტეტზე დეპუტატებმა სადავო კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებული ვეტო კამათითა და სიტყვიერი დაპირისპირებებით განიხილეს. არაერთი მოწოდების, თხოვნისა თუ შეთავაზების მიუხედავად „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კომიტეტის დონეზე პრეზიდენტის ვეტო იმ მოტივით დაძლიეს, რომ ვერც პრეზიდენტმა და ვერც ვერავინ მათთვის დამარწმუნებელი კონტრარგუმენტი ვერ წარმოუდგინა. პრეზიდენტის წარმომადგენელმა კი უმრავლესობის დეპუტატებს ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნები შეახსენა, სადაც მიუთითებენ, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას, ამიტომ უნდა გაუქმდეს.

„ეუთო/ოდირის დასკვნა, ვენეციის კომისიის დასკვნა, პირდაპირ მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონი უნდა გაუქმდეს! ამას ამბობს პრეზიდენტის ვეტოც, რომ აღნიშნული კანონი მიუღებელია, ხელის შემშლელია ევროინტეგრაციის გზაზე და უნდა გაუქმდეს. შესაბამისად, ჩვენ „ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი მივეცით, რომ აღნიშნული კანონი გაეუქმებინა. აწი, რაც მოხდება დააბრალონ საკუთარ თავს!

ყველაზე სამწუხაროა ის, რომ აღნიშნული კანონის მიღებითა და აღნიშნული პროცესით ზიანდება ჩვენი ქვეყანა და ჩვენს სახელმწიფოებრიობას ექმნება საფრთხე, ეს ძალიან დიდი საფრთხის წინ აყენებს ჩვენს ქვეყანას. აქ არის ქვეყანაზე საუბარი, თორემ პიროვნებები ვის აინტერესებს, ვის რა სანქციას დაადებენ და ვის რა თანხას ან ქონებას ჩამოართმევენ. აქ არის ერთადერთი, რომ ქვეყანას ექმნება პრობლემა ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

შემფასებელი ორგანიზაციების, საერთაშორისო პარტნიორების, ადგილობრივი სამოქალაქო გაერთიანებების, მოქალაქეთა ნაწილისა და ოპონენტი პოლიტიკოსების კრიტიკის მიუხედავად, მმართველი პარტიის დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად ეს კანონი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

„ვეტო არ ყოფილა მოტივირებული, არცერთი კუთხით შენიშვნა. სიტყვა მოტივაცია და მოტივირებული შენიშვნა იმდენად შორს დგას იმ ნაგლეჯი ქაღალდისგან, რომელიც პრეზიდენტის წარმომადგენელმა წარმოადგინა, რომ ღიმილის მომგვრელია, საერთოდ რაიმე სახის არგუმენტებზე ვისაუბროთ. არადა, შესაძლებელი იყო, ვეტო გარკვეული არგუმენტების გარშემო მსჯელობისთვის ყოფილიყო გამოყენებული. ამის შესახებ ბრძანა საქართველოში ჩამოსულმა შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, თავის დროზე პრემიერმა განაცხადა, იყო გარკვეული საუბარი, მოლაპარაკება ევროკავშირის შესაბამის თანამდებობის პირებთან, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი ქმედებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ემზადება არჩევნებისთვის, ის არის რადიკალი ოპოზიციონერი და დღევანდელ მოცემულობას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ამ კანონს და ყველაფერს იყენებს, რათა საკუთარი საარჩევნო მიზნები გაამართლოს, რაც კარგად გამოჩნდა გუშინდელი დღიდანაც. არაერთგზის ვსაუბრობდით, რომ ის არის ერთიანი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.

არგუმენტირებულ შენიშვნებს ველოდებოდით. ვეტომდე არგუმენტირებული შენიშვნა არ ყოფილა, ვენეციის კომისიის დასკვნაც არგუმენტირებისგან დაცლილია. პრეზიდენტმა კანონს არაფრის მთქმელი ვეტო დაადო და არც პრეზიდენტის ვეტოში და არც ვენეციის კომისიის დასკვნაში არგუმენტის მსგავსი არ იყო. კანონთან დაკავშირებით ვერცერთი აქტორის მხრიდან ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, რატომ არ უნდა მიგვეღო ის. საუბარია სამართლებრივ არგუმენტზე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ უბრალოდ არ აინტერესებს განსხვავებული მოსაზრებების გაზიარება, რადგან მმართველ პარტიას დასახული აქვს ამ კანონის მიღება, რომელიც მათივე შეფასებით, არის მოღალატეობრივი და საქართველოს ევროატლანტიკურ საგარეო კურსს უმძიმეს დარტყმას აყენებს.

„ვეტო იურიდიულ კომიტეტზე ოფიციალურად არის დაძლეული ყოველგვარი პროცედურების დარღვევით. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს არ მიეცა შესაძლებლობა, რომ რეალურად წარმოედგინა ყველა შენიშვნა, რომელიც პრეზიდენტს ჰქონდა. ალბათ, ხვალ გამოიტანენ სესიაზე ვეტოს დაძლევას. შეგვეძლება გიორგი მსხილაძეს კითხვები დავუსვათ. კომიტეტზე კი დღეს წარმოუდგენელი დარღვევა მოხდა. ძველბიჭურად, ქუჩურად იყო საქმის გარჩევა, „ქართული ოცნებიდან” ვინც იყო, ყველა აქტიურობდა. ჩემი პოზიციით, ივანიშვილის მსახურებმა და ქვეყნის მოღალატეებმა უნდა დაძლიონ ვეტო. რეკომენდაციას მივცემდი, რომ ეს ვეტო დაძლიონ, რათა საბოლოოდ გაუფორმონ მოქალაქეებს საკუთარი წარმოდგენა. ჩემი აზრით, ნერვიულობენ. არ აქვთ პასუხი სანქციებზე, სისულელეს ამბობენ. შეფიქრიანებულები არიან. სწორად მივდივართ ყველა, მუხტი უნდა გაგრძელდეს. ქვეყნის მოღალატის დამღა ძალიან მძიმეა და ეს უნდა ატარონ მთელი ცხოვრება”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

27 მაისს იურიდიულმა კომიტეტმა კომიტეტის დონეზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. 28 მაისის პლენარულ სხდომაზე კი ვეტოს საბოლოოდ დაძლევის საკითხი გავა კენჭისყრაზე. პროცედურის გათვალისწინებით, ვეტოს დაძლევის შემდეგ კენჭისყრაზე სადავო კანონის პირვანდელი ვერსია დადგება, რომელსაც როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატები ამბობენ, საბოლოოდ მიიღებენ და ამით ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ამოქმედდება. კანონი, რომლის მსგავსმა კანონმაც რუსეთის ფედერაციაში ეტაპობრივად თავისუფალი მედიის, დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის გაქრობა გამოიწვია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend