მთავარიევროპასომხეთიბაგრატ გალსტანიანი - მთავარეპისკოპოსი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია

ბაგრატ გალსტანიანი – მთავარეპისკოპოსი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია

სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მთავარეპისკოპოსი, რომელიც გასულ თვეში ანტისამთავრობო მოძრაობის ლიდერად იქცა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინეს. ამის შესახებ ერევნის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ ათიათასობით ადამიანს გურგენ მელიქიანმა, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა დეკანმა, განუცხადა.

ბაგრატ გალსტანიანის პრემიერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ გურგენ მელიქიანმა თქვა, რომ კანდიდატის შესარჩევად შეხვედრები ერთი თვის განმავლობაში იმართებოდა და ყველა შეხვედრასა და დისკუსიაში მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდებოდა, რომ კანდიდატი სწორედ ბაგრატ გალსტანიანი უნდა ყოფილიყო.

თავად ბაგრატ გალსტანიანმა უკვე სთხოვა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაურს, კათალიკოს გარეგინ II-ს, მისცეს მას პოლიტიკაში ჩართვის უფლება, თუმცა მის თხოვნას სომხეთის ეკლესია ჯერ არ გამოხმაურებია.

მას შემდეგ, რაც ბაგრატ გალსტანიანი პრემიერობის კანდიდატად წარადგინეს, მან მხარდამჭერებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

მისი წარდგენა კანდიდატად სომხეთის ოპოზიციას გზას უხსნის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნისკენ. სომხეთის კანონმდებლობა ოპოზიციას ავალდებულებს, დაასახელონ შემცვლელი კანდიდატი, ვიდრე დეპუტატები პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ იმპიჩმენტს უყრიან კენჭს.

იმპიჩმენტის დაწყებას 36 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მისი განხორციელებისა და ფაშინიანის გადაყენებისთვის კი, 54 დეპუტატის ხმა იქნება საჭირო.

თავად ფაშინიანს მოვლენების ბოლოდროინდელ განვითარებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა აქამდე მან საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები ნარკომომხმარებლებად, კრიმინალებად, უცხოური სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ მოქცეულ ძალად მოიხსენია.

პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ თვეში ფაშინიანის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანთან შეთანხმებას მიაღწია. აქციის მონაწილეები აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის შეთანხმებას აპროტესტებდნენ. ამ დოკუმენტით სომხეთმა კონტროლი დაკარგა ოთხ სოფელზე, რომლებიც საბჭოთა დროს აზერბაიჯანის ნაწილად ითვლებოდა, თუმცა 1990-იანი წლებიდან სომხეთი აკონტროლებდა. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიაზე კონტროლი გასულ კვირას აიღო.

ტავუშში რამდენიმეკვირიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ბაგრატ გალსტანიანის ხელმძღვანელობით მოძრაობამ „ტავუში სამშობლოსთვის“ მსვლელობა 4 მაისს დაიწყო, საზღვრისპირა სოფელ კირანციდან.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში მონაწილეობის გამო სომხეთის პოლიციამ გალსტანიანის ასობით მხარდამჭერი დააკავა.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend