მთავარისაქართველოაშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის წერილი პრეზიდენტ ზურაბიშვილს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის წერილი პრეზიდენტ ზურაბიშვილს

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

“მივესალმებით თქვენს ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომ ვეტო დაადეთ ამ ანტიდემოკრატიულ ინიციატივას და ერთგულად იცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც საქართველოში საფრთხის ქვეშ არის” – წერს კამალა ჰარისი.

წერილში კამალა ჰარისი აღნიშნავს, რომ ის და პრეზიდენტი ბაიდენი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს თვალს დიდი შეშფოთებით ადევნებენ.

“ჩვენ ვწუხვართ მოვლენების ისეთ განვითარებაზე, როგორიცაა – ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან”, – წერს კამალა ჰარისი.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს იმასაც, რომ 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი გრძელდება და საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობა საერთო ღირებულებებს, საერთო ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება.

კამალა ჰარისი აღნიშნავს იმასაც, რომ აშშ და საქართველო ავღანეთში მხარდამხარ იბრძოდნენ და შეერთებული შტატები არის საქართველოსთვის საგარეო დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელი, რათა ხელი შეუწყოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აშენებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და საქართველოს სამხედრო ძალების მოდერნიზებას.

ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ნათელია ქართველი ხალხის სურვილი, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი.

“ქართველი ხალხი ნათლად აცხადებს, რომ მას სურს მომავალი ევროკავშირსა და ნატოში. მათ მიაჩნიათ, რომ უცხოური აგენტების კანონპროექტი ამ მომავალს საფრთხეს უქმნის და ამიტომ მკაცრად ეწინააღმდეგებიან მას. მათ აქვთ სრული უფლება, მიისწრაფოდნენ ამ მომავლისკენ და ძალა არ უნდა იყოს გამოყენებული მათი მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშესაშლელად. ჩვენ ვაფასებთ, თქვენს ლიდერობასა და ძალისხმევას, დაიცვათ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. თქვენს ძალისხმევას კვლავ ექნება არსებითი მნიშვნელობა, რადგან ქართველ ხალხს თქვენი იმედი აქვს, რომ დაიცავთ დემოკრატიასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები თქვენი და ყველა ქართველის გვერდით დგას უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაში”, – წერია წერილში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend