მთავარისაქართველოწვევამდელების სამხედრო ფიცი დამოუკიდებლობის დღეს

წვევამდელების სამხედრო ფიცი დამოუკიდებლობის დღეს

დღეს, 26 მაისს, საქართველო კიდევ ერთხელ ზეიმობს უმნიშვნელოვანეს თარიღს – დამოუკიდებლობის დღეს. ზუსტად 106 წლის წინ რუსეთის 117-წლიანი ტყვეობის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ დღიდან 106 წლის შემდეგ კი, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, წვევამდელებმა კვლავ წარმოთქვეს სამხედრო ფიცი და ღვთისა და ერის წინაშე დადეს პირობა, რომ დაიცავენ სამშობლოს სიცოცხლის ბოლო წუთამდე.

დღეს, 2024 წლის 26 მაისს, თავისუფლების მოედანზე წვევამდელთა მიერ ფიცის დადებამდე კვლავ წუთიერად დადუმდნენ და ამ ჟესტით პატივი მიაგეს მათ, ვინც საქართველოს ერთიანობასა და საერთაშორისო მშვიდობას შესწირა თავი. გაიხსენეს ის ქართველი პატრიოტები, რომლებიც 1924 წელს საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის ჯალათებმა დახვრიტეს. შემდეგ კი იყო სამხედრო ფიცი. წვევამდელებმა სამხედრო ფიცი საქართველოს ექვს რეგიონში ერთდროულად დადეს, იმ სიმბოლურ ადგილებში, სადაც მომხდარმა ამბებმა შვა აწმყო: მცხეთაში, დიდგორში, გერგეტზე, ბეთანიის მონასტერში, კაცხის სვეტსა და თავისუფლების მოედანზე. წვევამდელებმა ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის, სალომე ზურაბიშვილის, წინაშე დაიფიცეს, რომ პირნათლად მოიხდიან მხედრულ ვალს საქართველოს წინაშე.

თავისუფლების მოედანზე იყვნენ საქართველოს თავდაცვის ძალების საამაყო ბატალიონები. მათ შორის ისინი, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ; ისინიც, ვინც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ირიცხება და ვინც მსოფლიოში საუკეთესო და მაღალკვალიფიციურმა ინსტრუქტორებმა გადაამზადეს; ასევე ისინი, ვინც ავღანეთში, ერაყში, ცენტრალურ აფრიკასა და კოსოვოში სხვადასხვა სამშვიდობო და მტკიცე მხარდაჭერის მისიაში იყვნენ ჩართულნი პარტნიორებთან ერთად. იმ პარტნიორებთან, რომლებიც უკვე 33 წელია, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი და ერთგული მეგობრები არიან.

ფიცის დადების შემდეგ კიდევ ერთხელ ითქვა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპაში და ქვეყანას „არავითარი სხვა გზა არ გააჩნია“.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend