საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ცდილობს განმუხტოს დაძაბულობა ახალ კალედონიაში. ის შეხვდა ადგილობრივ ლიდერებს და სეპარატისტული ჯგუფების ლიდერებს, რათა ახალი კალედონიის მომავალზე შეთანხმდნენ.
ორივე მხარესთან შეხვედრის შემდეგ მაკრონმა ჩამოაყალიბა გეგმა, რომელიც მისი თქმით, შეიძლება ახალ კალედონიაში მორიგი რეფერენდუმის ჩატარებით დასრულდეს.
არეულობა ახალ კალედონიაში 13 მაისს დაიწყო. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის, ორი პოლიციელი. 13 მაისიდან დღემდე შეიარაღებული შეტაკების, ძარცვისა და ხანძრის გამო დაშავდა ასობით ადამიანი. პროტესტი მოჰყვა საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილების განხილვას, რომელიც ახალი კალედონიის ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. ადგილობრივები შიშობენ, რომ ცვლილება პროფრანგი პოლიტიკოსებისთვის იქნება ხელსაყრელი და ახალი კალედონიის მკვიდრი მაცხოვრებლების, კანაკების მარგინალიზებას შეუწყობს ხელს.
2018 წლიდან კუნძულზე 3 რეფერენდუმი ჩატარდა, თუმცა სამივე შემთხვევაში ადგილობრივების უმრავლესობამ საფრანგეთის რესპუბლიკაში დარჩენა აირჩია. მაკრონი აცხადებს, რომ ნებისმიერი ფორმის მოლაპარაკება დაიწყება მას შემდეგ, რაც არქიპელაგზე წესრიგი და კანონის უზენაესობა აღდგება.
„ჩემი უპირველესი მოთხოვნა არის საგზაო ბლოკირებების მოხსნა და ძალადობის აღკვეთა. ყველა ჩართულმა პოლიტიკურმა ლიდერმა ეს მოწოდება მკაფიოდ უნდა გამოხატოს. როგორც კი დავინახავთ, რომ ეს მოხდა, შემდეგ ჩვენ საგანგებო მდგომარეობას გავაუქმებთ და ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს დავიწყებთ“, – განაცხადა მაკრონმა.
დამწვარი მანქანებით მოწყობილი ბარიკადების შედეგად ახალი კალედონიის დედაქალაქის ნუმეას ნაწილებში გადაადგილება შეუძლებელი გახდა.
საფრანგეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ 280-ზე მეტი ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც 13 მაისს ძალადობა დაიწყო.
„მე ამას ძალიან მკაფიოდ გეუბნებით, ჩვენი უსაფრთხოების ძალები არქიპელაგზე განლაგებას იმდენ ხანს განაგრძობენ, რამდენიც დასჭირდებათ. მაშინაც კი, თუ მოხერხდება საგანგებო მდგომარეობის მოხსნა, უსაფრთხოების ძალები დარჩებიან კუნძულზე მაშინაც კი, თუ ოლიმპიური თამაშების დროს არეულობები გაგრძელდება ან კვლავ გაჩაღდება, ჩვენ არ დავიხევთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ხანძარმა, ძარცვამ და სხვა ძალადობამ ნუმეაში გამოიწვია ასობით მილიონი ევროს ოდენობის ზარალი.