მთავარისაქართველოპარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოულოდნელი ვიზიტით ODIHR-ის დელეგაცია იმყოფებოდა

პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოულოდნელი ვიზიტით ODIHR-ის დელეგაცია იმყოფებოდა

მოულოდნელი ვიზიტით საქართველოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორი მატეო მეკაჩი იმყოფებოდა.

დელეგაციამ ვიზიტები ძირითადად საკანონმდებლო ორგანოში გამართა. პირველად ODIHR-ის დელეგაცია მატეო მეკაჩის ხელმძღვანელობით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობა. შალვა პაპუაშვილმა მატეო მეკაჩის მადლობა გადაუხადა OSCE/ODIHR-ის მიერ სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები. საუბარი ასევე შეეხო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. შალვა პაპუაშვილმა OSCE/ODIHR-ის დირექტორს კანონის მიზანი და შინაარსი გააცნო. მან, აგრეთვე, კანონთან დაკავშირებული შემდგომი დიალოგისთვის ღიაობა დააფიქსირა.

შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ODIHR-ის დელეგაცია საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სტუმრებს დეტალურად გააცნეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიციირებიდან კანონის მიღებამდე განვითარებული პროცესი.

„ჩვენ განვაცხადეთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას საერთოდ ამ საკითხის განხილვაც კი არ სურდა. ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გავაცანით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიწყო ეს პროცესი ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე ძალადობით, როგორ თქვეს უარი საჯარო დისკუსიაზე ამ საკითხთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც გაკეთდა შეთავაზება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად გაგვემართა დისკუსია, როგორ ითქვა უარი ახალგაზრდებს ჰქონოდათ შესაძლებლობა პრემიერთან დისკუსიის და ის, რომ პრეზიდენტმა არავითარი ალტერნატიული ვერსია არ წარმოადგინა. თუ მას არ მოსწონდა ეს საკითხი, თუ ეს გამოსწორებას არ ექვემდებარებოდა, მაშინ რატომ არ წარმოგვიდგინეს ამერიკული მოდელი, თუნდაც, უფრო შემსუბუქებული, რატომ არ წარმოგვიდგენს ფრანგული მოდელი, ისრაელის მოდელი ან ევროკავშირში დაინიციირებული დირექტივის მოდელი. თუ მათ მიაჩნდათ, რომ ეს იყო გამოუსწორებელი პროექტი და ვეღარ გაასწორებდნენ, მათ ჰქონდათ უფლება ზუსტად ერთი ერთში ნათარგმნი, გარკვეული მოდიფიკაციითა და მორგებული ჩვენს რეალობასთან, წარმოედგინათ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ხალხს არ სურს, რომ „ენჯეოების“ საქმიანობა ამ ქვეყანაში იყოს გამჭვირვალე, სხვა ახსნა არ აქვს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ დელეგაცია საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა. შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილეს და ისაუბრეს იმ მექანიზმებზე, რომლებიც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უკავშირდება.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რადგან არჩევნები ფაქტობრივად ავტორიტარიზმის რეჟიმის პირობებში ჩატარდება. შეხვედრაზე არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხზე არ გვისაუბრია და ეს უკვე შემდგომი შეფასების საგანი იქნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პოლიტიკური ჯგუფის „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საერთაშორისო ინსტიტუციების ხელმძღვანელების მხრიდან ასეთი შეხვედრების სიხშირე კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მარტო არ არის.

„საერთაშორისო საზოგადოება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესის მხარდამჭერია და იმ მოვლენებს, რომლებიც საქართველოში ხდება, ძალიან სერიოზულად ადევნებენ თვალ-ყურს.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ „რუსულ კანონზე”. ცნობილია, რომ ODIHR-ის მხრიდან ჯერ კიდევ წინა წელს იყო წარმოდგენილი დეტალური ანალიზი, რომ აღნიშნული კანონი არა მხოლოდ ევროპულ, არამედ საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შეუსაბამობაშია”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტში მისვლამდე ეუთო/ოდირის დირექტორთან მატეო მეკაჩისთან შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენები და რუსული კანონის მიღებით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და დემოკრატიულ განვითარებაზე შესაძლო შედეგები განიხილეს.

რუსული კანონის ვეტოზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ვეტოს დაადებს ყველა იმ კანონს, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციასა და დემოკრატიულ განვითარებას.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებამდე სტაბილური და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება, რათა ქართველმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი გააკეთოს.

OSCE/ODIHR-ის დირექტორმა გამოთქვა აბსოლუტური მზაობა, გააძლიეროს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend