მთავარიევროპაესტონეთირუსი ჯაშუშები ევროპაში

რუსი ჯაშუშები ევროპაში

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო სწავლების, „გაზაფხულის შტორმის“, მიმდინარეობას გაეცნო. ახლა იგი ტალინში დაბრუნდა და როგორც მოგვიანებით თქვა, მის ქვეყანას სხვა გამოწვევებიც აქვს და ამით რუსეთის ჰიბრიდულ მოქმედებებისკენ მიანიშნა.

ესტონეთის პრემიერი კაია კალასი და დიდი ბრიტანეთის ელჩი ესტონეთში როს ალენი ერთად ბრუნდებიან ნატოს წვრთნებიდან, ესტონეთი, 15 მაისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Hendrik Osula

რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანაში, ესტონეთში, რადიოელექტრონული ბრძოლისა და აგენტურული საქმიანობების მზარდი მაჩვენებელია. ეს ყველაფერი დაკავშირებულია მოსკოვთან. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი რუსი დაზვერვის თანამშრომელი უკვე სანქცირებულია, დასავლელი ოფიციალური პირები და ექსპერტები ამბობენ, რომ კრემლი ტაქტიკას ცვლის. იყენებს დაქირავებულებს ჰიბრიდული ოპერაციებისთვის, მათ შორის, კიბერშეტევების, არჩევნებში ჩარევისა და დეზინფორმაციის, ასევე ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმის პროცესში.

„ყველა ვაცნობიერებთ, რომ ჰიბრიდული იერიშები კვლავ ძალიან აქტიურია. ჩვენ ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. არ აქვს მნიშვნელობა კიბერშეტევაა თუ რაიმე სხვა ტიპის შეტევა, ჩვენ მზად ვართ და ვპასუხობთ ასეთ შეტევებს. ჩვენი გზავნილია ესტონეთში და ალიანსის მასშტაბით, სიტუაციას ვაკონტროლებთ და არავის მივცემთ უფლებას, შეცვალოს ჩვენი ცხოვრება და ზიანი მიაყენოს საზოგადოებას“, – აცხადებს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჰანო პევკური.

წელს ესტონეთში მოსკოვის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უნივერსიტეტის პროფესორი დააკავეს. ასევე სხვა საქმეზე, რომელიც კვლავ რუსეთის სადაზვერვო საქმიანობას უკავშირდებოდა, დააკავეს 13 პირი. ოქტომბერში ბუნებრივი აირისა და სატელეკომუნიკაციო სადენები დაზიანდა ბალტიის ზღვაში, ეს საქმე ჯერ კიდევ ძიების პროცესშია, თუმცა ინციდენტში მონაწილე ჩინური გემი მოგვიანებით რუსეთში, არხანგელსკის პორტში, აღმოაჩინეს. კრემლის ჯაშუშურ ქსელს დიდი ბრიტანეთი და გერმანიაც ებრძვის.

ესტონეთი კი ცნობილია აგენტურული საქმიანობის წინააღმდეგ აგრესიული მოქმედებებითა და შემდგომ მათი გასაჯაროებით. ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ამ ქვეყანას უფრო მეტი ჯაშუში ჰყავს დაკავებული, ვიდრე სხვა რომელიმე ევროპულ ქვეყანას. ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი აცხადებს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ასე მკაცრად იმიტომ არ რეაგირებს, რადგან იმედოვნებს, რომ რუსეთთან თანამშრომლობა კვლავ მოუწევს.

როგორც ესტონეთში აცხადებენ, კრემლი ჯაშუშების რეკრუტირებას სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის სათამაშო პლატფორმების დახმარებით ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულების მანძილზე რუსეთს ევროპაზე თავდასხმებში ადანაშაულებენ, ესტონელმა ოფიციალურმა პირებმა და უსაფრთხოების ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მათთან გამკლავების ერთიანი მექანიზმი არ არსებობს და ევროკავშირს უფრო პროაქტიული მიდგომისკენ მოუწოდებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend