მთავარიმსოფლიოპალესტინის აღიარება

პალესტინის აღიარება

პალესტინის სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს გაეროს წევრი 146 სახელმწიფო აღიარებს, ამ სიაში დღეიდან ირიცხებიან ირლანდია და ესპანეთისა და ნორვეგიის სამეფოები.

ეს სიმბოლური და ამავე დროს პოლიტიკური გადაწყვეტილება მოსდევს რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე საჯარო განხილვას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის.

სამეფოს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ საუბრის ნაცვლად ქმედების დრო დადგა: „მილიონობით დატანჯულმა პალესტინელმა უნდა იცოდეს, რომ მათ გვერდით ვართ. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ უკანონო დასახლებას შექმნიან პალესტინის მიწაზე და რამდენ კედელს აღმართავენ, პალესტინა ჩვენს გულებში მუდამ იქნება”.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრის, სიმონ ჰარისის, თქმით, ეს ისტორიული გადაწყვეტილება გახლავთ: „მე გასულ თვეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად დავდე პირობა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობას ვაღიარებდით. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი სხვა სახელმწიფო გაიზიარებს ამ გადაწყვეტილებას და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად იმოქმედებს”.

ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრის აზრით, პალესტინური სახელმწიფოს გარეშე რეგიონში მშვიდობა ვერ დამყარდება: „მიგვაჩნია, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა მხოლოდ და მხოლოდ ორი სახელმწიფოს პრინციპის დანერგვით არის შესაძლებელი. პოლიტიკური პროცესის უგულებელყოფით მშვიდობა და სტაბილურობა გამორიცხულია”.

პალესტინის აღიარებას უახლოეს მომავალში გეგმავენ სლოვენია და მალტა, ასევე ბელგია.

ამ ფაქტს უკვე მოჰყვა ისრაელის კოალიციურ ხელისუფლებაში რადიკალი მემარჯვენეების მწვავე რეაქცია და მათ ამ გადაწყვეტილებას “ჰამასის” წახალისება უწოდეს. სახელმწიფომ გამოიწვია ელჩები ნორვეგიის სამეფოდან და ირლანდიიდანაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend