ლიეტუვის პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და მიმართავს ევროკავშირს, განიხილონ საპასუხო ზომები იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების დევნას.
რეზოლუციას ლიეტუვის 93-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სადაც ადასტურებენ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას.
„საქართველოს მთავრობის ქმედებები არ შეესაბამება საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს და ქვეყნის მიერ გაცხადებულ მიზნებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის. ამას შესაძლოა სერიოზული გრძელვადიანი შედეგები მოჰყვეს…“- ნათქვამია ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ დოკუმენტში.
რეზოლუციის ერთ-ერთმა ინიციატორმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო დაყოფილია და სულ უფრო და უფრო მეტი კითხვა ჩნდება ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ მდგომარეობაზე. მისი თქმით, საქართველო ევროპას უფრო მეტად შორდება.