უნგრეთში მოქმედი პრემიერ-მინისტრის ახალი პოლიტიკური მეტოქის გამოჩენამ ევროპარლამენტის არჩევნებს ახალი მნიშვნელობა შესძინა. ის ვიქტორ ორბანის ახალი პოლიტიკური მეტოქე და მისი პარტიის, „ფიდესის“, ყოფილი წევრია. პიტერ მაგიარის თქმით, მას სურს დაასრულოს კორუფცია და წერტილი დაუსვას ორბანის საზიანო პოლიტიკას.
უნგრეთის სიდიდით მეორე ქალაქში და ვიქტორ ორბანის პარტიის დასაყრდენში, დებრეცენში, ათასობით ადამიანი სწორედ პიტერ მაგიარის მხარდასაჭერად შეიკრიბა. აქციის მონაწილეებს იმედი აქვთ, რომ მაგიარი არსებული სისტემის ჩამოსაშლელად პოზიტიურ ნაბიჯებს გადადგამს.
,,ეს მეტისმეტია უნგრელი ხალხისთვის. ეკონომიკურად, პოლიტიკურად, იურიდიულად, ეთიკურად… მეტისმეტია“, – აცხადებს პიტერ მაგიარი.
პიტერ მაგიარის პარტიამ შესაძლოა ევროკავშირის არჩევნებზე ხმების 17-იდან 25%-ამდე მოიპოვოს. თუმცა უნგრეთში ყურადღებას უკვე 2026 წლის საყოველთაო არჩევნებზე ამახვილებენ… გზა „ფიდესის” წინააღმდეგ სირთულეებით იქნება სავსე.
„ამ წარმატების შენარჩუნება მისთვის დიდი გამოწვევა იქნება. რაც დაზუსტებით ვიცით ისაა, რომ „ფიდესი“ მისი დისკრედიტაციისთვის ყველაფერს გააკეთებს“, – ამბობს მელანი ბარლაი, პოლიტიკის მეცნიერი.
,,ვფიქრობ მას შანსი უნდა მივცეთ. ის ახალი სახეა და სწორედ იმ სისტემიდან მოდის, რომლის ჩამოშლასაც ცდილობს. არ მიმაჩნია, რომ თუ იგი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გახდება, ყველაფერი ავტომატურად უკეთესობისკენ შეიცვლება. თუმცა ვფიქრობ, არსებული სისტემის შეცვლა, რომელიც ბოლო 14 წელია გვმართავს, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, – ამბობს სტუდენტი და აქტივისტი ლილი აშენბრენერი.