“ქართულ ოცნებაში” ვენეციის კომისიის დასკვნას აფასებენ.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ვენეციის კომისიის დასკვნას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით, რომელზეც რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები დიდ იმედებს ამყარებენ.
ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სალომე ქურასბედიანმა.
საქართველოს პარლამენტის წევრის შეფასებით, დასკვნაში მრავლად არის როგორც დაუსაბუთებელი, ისე ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივი მსჯელობა. მისივე თქმით, ვეტოს მომდევნო სასესიო კვირაში დაძლევენ.
ვენეციის კომისიამ დასკვნა დღეს, 21 მაისს, გამოაქვეყნა.
„კანონის ფუნდამენტური ხარვეზები მნიშვნელოვნად უარყოფით შედეგებს გამოიწვევს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლებისა და ასევე დისკრიმინაციის პრევენციის თვალსაზრისით“, – ნათქვამია დასკვნაში.