ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ლავროვმა ირანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის, განცხადება გაიხსენა და თქვა, რომ ამერიკული აღჭურვილობისთვის, მათ შორის, ავიაციისთვის “სათადარიგო ნაწილების არმიწოდება პირდაპირ უკავშირდება უსაფრთხოების დონის დაქვეითებას.” შეგახსენებთ, ზარიფიმ გუშინ განაცხადა, რომ ებრაჰიმ რაისისა და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის ავიაკატასტროფაში დაღუპვის ერთ-ერთ მიზეზი აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციები იყო.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა სწორედ ამ ვერსიაზე ისაუბრა და ამერიკის შეერთებული შტატები სანქციების შემოღებით, რომელიც ამერიკული თვითმფრინავებისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდების აკრძალვას გულისხმობს, ფაქტობრივად ადამიანების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებაში დაადანაშაულა. ამერიკელები ამას უარყოფენ, მაგრამ ქვეყნებს, რომელთაც ისინი სანქციებს უწესებენ ამერიკული აღჭურვილობისთვის, მათ შორის, ავიაციისთვის, სათადარიგო ნაწილები არ მიეწოდებათ. საუბარია რიგითი მოქალაქეებისთვის ზიანის განზრახ მიყენებაზე. სათადარიგო ნაწილების არმიწოდება პირდაპირ უკავშირდება უსაფრთხოების დონის დაქვეითებას“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.