რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ირანის ჩრდილო-დასავლეთში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილას, ქვეყნის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი გარდაცვლილები იპოვეს.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიას ავიაკატასტროფის უშუალო მიზეზი არ დაუსახელებია. მათ შორის, არც შესაძლო საბოტაჟის შესახებ გაკეთებულა რაიმე მინიშნება.
პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისთან ერთად ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორი და რამდენიმე სხვა ოფიციალური პირი მგზავრობდა. მათთან ერთად იმყოფებოდა სამი ეკიპაჟის წევრი. ავიაკატასტროფას ყველა მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
20 მაისს ირანელები სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ, რათა გამოეხატათ საკუთარი მწუხარება ქვეყნის პრეზიდენტისა და მისი თანამგზავრების დაღუპვის გამო.
„შოკირებულები ვართ, რომ ასეთი პიროვნება დავკარგეთ. პიროვნება, რომლითაც ამაყობდა ირანი და რომლისაც ეშინოდათ მტრებს. განსაკუთრებით ბოლო თვის განმავლობაში ვიხილეთ, თუ როგორ დაამცირა მან ისრაელი და ამერიკა საკუთარი ძალაუფლებით და როგორ წარმოჩნდა ირანის სიდიადე“, – ამბობს მოჰამად ბეჰეშთი, თეირანის მცხოვრები.
,,როგორც კი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ გავიგეთ, დავიწყეთ ღელვა… რა მოგვივა ჩვენ, რა მოუვა პრეზიდენტს, რა მოუვა ჩვენს ქვეყანას. გათენებამდე ვამოწმებდით სიახლეებს. ყველანი განადგურებულები ვართ“, – ამბობს თეირანის მცხოვრები ჰასტი ამირი.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, Bell 212-ის ტიპის ვერტმფრენი, რომელზეც 8 ადამიანი იმყოფებოდა, ირანმა 2000-იანი წლების დასაწყისში შეიძინა.
ირანს ოფიციალურად არ დაუსახელებია კატასტროფის ზუსტი მიზეზი, მათ შორის არც საბოტაჟი.
63 წლის რაისი, რომელიც პრეზიდენტობამდე ქვეყნის სასამართლო სისტემას ხელმძღვანელობდა, აიათოლა ალი ხამენეის პროტეჟედ მიიჩნეოდა. მისი მმართველობის პერიოდში ირანმა ურანის გამდიდრება შეიარაღების შექმნისთვის საჭირო რაოდენობით დაიწყო, რის ფონზეც მნიშვნელოვნად გაუარესდა ირანის ურთიერთობები დასავლეთთან.