მთავარიგადაცემებინამდვილი ეკონომიკაკრიზისიდან თანამშრომლობამდე - როგორ დაძლია ევროკავშირმა სირთულეებით აღსავსე 2019-2024 წლები

კრიზისიდან თანამშრომლობამდე – როგორ დაძლია ევროკავშირმა სირთულეებით აღსავსე 2019-2024 წლები

ამჟამად მოქმედმა ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ ის იყო თავისი ხუთწლიანი მმართველობის მანდატი ჩაიბარეს, რომ ყველაფერი აირია ჯერ პანდემიის და შემდეგ უკრაინის ომის გამო. ამ ინსტიტუტების მანდატი უკვე იწურება და ევრონიუსმა გადაწყვიტა ეკითხა ბრიუსელის გავლენიანი პოლიტიკოსებისთვის, თუ რას ფიქრობენ ევროკავშირის მიერ განვლილ ყველაზე რთულ პერიოდებზე.

კოვიდ-19, ომი უკრაინაში, ენერგოკრიზისი და ინფლაცია – ევროპის ეკონომიკა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კრიზისების მთელმა სერიამ შეარყია.

“ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ე.წ. შავი გედის ფენომენი ზედიზედ განმეორდებოდა,“ -ამბობს პაოლო ჯენტილონი, ევროკომისარი ეკონომიკის საკითხებში.

სანამ ევროპელები არჩევნებისთვის ემზადებიან, „ევრონიუსმა“ გადაწყვიტა, შეაფასოს, თუ როგორი იყო ევროკავშირის ეკონომიკური განვითარება და რა პერსპექტივა აქვს წინ. როგორ მოახერხებს ევრობლოკი ეკონომიკური ზრდისა და პროდუქტიულობის წახალისებას მწვანე შეთანხმების ფონზე და უნდა გადაიხედოს თუ არა სავაჭრო ურთიერთობები ზოგიერთ ქვეყანასთან, მათ შორის ჩინეთთან?

პანდემია და უკრაინაში მიმდინარე ომი იყო ორი მთავარი ფაქტორი, რომლებმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირის პოლიტიკური კურსი განსაზღვრა. უპრეცედენტოდ მაღალი – 800 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე „ევროკავშირის მომავალი თაობის ფონდის“ შექმნა იყო  ისტორიული მნიშვნელობის მქონე მოვლენა და პასუხი ამ გამოწვევებზე, რადგან პირველად ევროკავშირის ისტორიაში მისმა წევრმა სახელმწიფოებმა აიღეს საერთო ვალი, რათა ევრობლოკის პოსტპანდემიური განვითარების,  ასევე მწვანე და ციფრულ პლატფორმაზე გადასვლისთვის შეეწყოთ ხელი. თუმცა პანდემიამ ასევე აიძულა ბრიუსელი, დროებით უარი ეთქვა დადგენილ ფისკალურ ზღვრებზე. რადგან კოვიდის გამო ბლოკის მრავალ სახელმწიფოში უპრეცედენტოდ გაიზარდა ვალის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, რაც კიდევ უფრო გაამწვავა ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ და მაღალმა ინფლაციამ 2022 წელს. ახლახან ისევ შეიცვალა ხარჯების რეგულაციები, რათა თანდათან აღდგეს ძველი ფისკალური ზღვრები. თუმცა მიუხედავად პოსტპანდემიური დახმარების ფონდისა, რომელიც 2026 წელს დასრულდება, მაინც ჩნდება კითხვა – ექნება თუ არა ევროპას საკმარისი ფული ინვესტირებისთვის, რათა კონკურენტუნარიანობა აიმაღლოს?

კოვიდ-19-ის გამო ევროკავშირმა პირველად თავის ისტორიაში ერთიანი ვალი აიღო. ეს ისტორიული ნაბიჯი ევროკავშირის მომავალი თაობის ფონდით დაგვირგვინდა. საინტერესოა, როგორ აფასებენ ევროპარლამენტარები ასეთ ფინანსურ ინსტრუმენტს? მას წარმატებული მომავლის ქვაკუთხედად მიიჩნევენ თუ თვლიან, რომ ამ ეკონომიკურ აქტს ტაბუ უნდა დაედოს?

სტეფანი იონ-კურტენი, ევროპარლამენტარი რეფორმების ჯგუფიდან:

“ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ხელმომჭირნე ქვეყნებსა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებს შორის  დაპირისპირების ფონზე პირველად ისტორიაში შეთანხმებას მივაღწევდით ერთიანი ვალის თაობაზე“.

ფილიპ ლამბერტსი, ევროპარლამენტარი, „მწვანეთა ჯგუფის“ თანაპრეზიდენტი:

“ მომავალი თაობის ევროპულ ფონდს პროტოტიპად მივიჩნევ. და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროტოტიპმა ისე კარგად იმუშაოს, რომ ის მუდმივად ვაქციოთ“.

მარგარიდა მარკეში, ევროპარლამენტარი, სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფი:

“მომავალი თაობის ფონდის კვალდაკვალ უნდა შეიქმნას ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტი, რათა ინვესტიციები ჩაიდოს კლიმატისა და ციფრული გარდაქმნის პლატფორმაში, ევროპის ძირითადი სოციალური უფლებებისა და თავდაცვის მიმართულებით“.

მიხილ ჰოგევენი, ევროპარლამენტარი, ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი:

“როცა გყავს დიდი დავალიანების მქონე ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ პანდორას ამ ახალი ყუთით, რომელსაც ევროპის ერთიანი ვალი ჰქვია და საიდანაც ამ ქვეყნებს შეუძლიათ თანხის მიღება, ეს თამაშის სრულიად ახალ წესებს ქმნის დაფინანსების კუთხით, ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ ეს შეცდომაა და არ უნდა აგვერჩია ეს გზა“.

საინტერესოა, რას ფიქრობს ევროკომისია? კიდევ აპირებს თუ არა ასეთი ეკონომიკური ინსტრუმენტის გამოყენებას?

პაოლო ჯენტილონი, ევროკომისარი ეკონომიკის საკითხებში:

“როგორ უნდა ჩავერთოთ  სუფთა ტექნოლოგიების კუთხით გლობალურ დონეზე გამართული კონკურენტუნარიანობის მარათონში ისე, რომ საერთო ფინანსებიდან ერთი ევროც არ დავხარჯოთ? ჩემი აზრით, ეს უბრალოდ შეუძლებელია“.

ახლახან შესწორებული ფისკალური წესები მიზნად ისახავს, შეამციროს პანდემიის დროს დაგროვილი სახელმწიფო ვალი. მართალია, ეს წესები უკან აბრუნებს ფისკალური დეფიციტის 3-პროცენტიან და მთლიან შიდა პროდუქტში ვალის წილის 60-პროცენტიან ზედა ზღვრებს, მაგრამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მეტი უფლება აქვთ, თავად  გადაწყვიტონ, თუ როგორ მოახერხებენ ვალის შემცირებას.

თუმცა საინტერესოა, რამდენად საკმარისია ფული მწვანე პლატფორმაზე გადასვლის დასაფინანსებლად, თუ გავითვალისწინებთ, რომ პოსტპანდემიური დახმარების ფონდი 2026 წელს დაიხურება?

მანფრედ ვებერი, ევროპარლამენტარი, „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი:ს

“რაც შეეხება ვალს, ამ საკითხზე ძალიან ბევრს ვწვალობთ. არავინ იცის ამ წუთას, თუ როგორ გაისტუმროს საპროცენტო განაკვეთის თანხა. ამიტომ ვალი მომავალ თაობას ინვესტირების საშუალებას უმცირებს. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური ზრდა, ეს არის ევროპის ძლიერების საფუძველი, რათა ეკონომიკურად მყარად ვიდგეთ ფეხზე და ამისთვის ძრავა ხელახლა უნდა ჩავრთოთ“.

პაოლო ჯენტილონი, ევროკომისარი ეკონომიკის საკითხებში:

“საერთო ჯამში, ვერ ვიტყვით, რომ ევროკავშირისა და ევროზონის პრობლემა ვალის ძალიან დიდი მოცულობაა, ეს არის პრობლემა ერთეული სახელმწიფოებისთვის და ეს უნდა მოვაგვაროთ, ჩვენ საერთო წესები გვაქვს, მაგრამ, ამავდროულად, გლობალურ დონეზეც უნდა შევძლოთ კონკურენცია“.

ფილიპ ლამბერტსი, ევროპარლამენტარი, „მწვანეთა ჯგუფის“ თანაპრეზიდენტი:

“თუ გვინდა ინვესტიციების ჩადება მწვანე გარდაქმნაში, გაციფრულებასა და თავდაცვაში და ყველა სხვა საკითხში, რომლებიც საჭიროა, მაშინ, დიახ, უნდა ავიღოთ სესხი, რადგან ამ ყველაფრის დაფინანსება ვერ მოხერხდება ყველგან ხარჯის შემცირებით ან ახალი გადასახადებით. და დიახ, ამისთვის ნაწილი ცალკეულმა ქვეყანამ უნდა ისესხოს და ნაწილი ევროკავშირმა ერთად“.

ჯერომინ ცეტელმაიერი, ბრეიგელის ეკონომიკური ანალიტიკის ინსტიტუტის დირექტორი:

“ჩემი აზრით, ევროკავშირის დონეზე საჯარო ინვესტიციების იდეა ისევ დარჩება, რადგან სხვა შემთხვევაში უარი უნდა ვთქვათ მწვანე შეთანხმებაზე“.

კიდევ ერთი მწვავე საკითხია ჩინეთი. ბრიუსელმა პეკინს ბრალი დასდო, რომ ის ძირითადი სექტორების სუბსიდირებას ახდენს და თან სხვა ქვეყნებს  საკუთარ ბაზარზე შესვლას უზღუდავს. ამჟამად ევროკომისიის პოლიტიკა ჩინეთიდან მომავალი რისკების განეიტრალებას ემსახურება, მაგრამ რამდენად გაგრძელდება ეს პოლიტიკა მომავალში?

სტეფანი იონ-კურტენი, ევროპარლამენტარი რეფორმების ჯგუფიდან:

“ორივე მხარე მოგებული უნდა დარჩეს.  ევროკავშირი აღარ უნდა იყოს გულუბრყვილო. ურთიერთობა ისეთი უნდა იყოს, როგორიც სავაჭრო პარტნიორს ეკადრება და, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ მათთან მუშაობა, თუკი ისინი ჩვენს წესებს მიიღებენ“.

მიხილ ჰოგევენი, ევროპარლამენტარი, ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი:

“მოდი, ვცადოთ ჩინელებთან მოლაპარაკება, თუ როგორ შეიძლება შევთანხმდეთ და ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ერთი ქვეყანა შესაძლოა უფრო კონკურენტუნარიანია, მაგალითად, ელექტრომობილების, მზის პანელებისა თუ ქარის ტურბინების წარმოებაში. თუკი ჩინელები თანახმა არიან, გადაიხადონ ჩვენი ენერგეტიკული გარდაქმნის ფული, მაშინ ჩვენი რესურსები შეგვიძლია სხვა სფეროებისკენ მივმართოთ“.

მარგარიდა მარკეში, ევროპარლამენტარი, სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფი:

“ეკონომიკის სხვა დარგებში რომ კონკურენციის გაწევა შევძლოთ, ერთი ეკონომიკური ბლოკი უნდა ვიყოთ და ასე რომ  მოხდეს, უნდა შევქმნათ გარანტია იმისა, რომ ჩვენი შიდა ბაზარი ამ მიმართულებით იმუშავებს“.

ფილიპ ლამბერტსი, ევროპარლამენტარი, „მწვანეთა ჯგუფის“ თანაპრეზიდენტი:

“უპირველეს ყოვლისა,  გულუბრყვილოები აღარ უნდა  ვიყოთ. იმის თქმა მინდა, რომ ჩინეთი პროტექციონისტია, ამერიკის შეერთებული შტატებიც პროტექციონისტია და ჩვენ კიდებ ვამბობთ, რომ არ შევზღუდავთ საკუთარ ბაზარზე წვდომას, იმიტომ, რომ ისინიც შეგვიზღუდავენ წვდომას თავიანთ ბაზრებზე და ამას უკვე აკეთებენ კიდეც.

მანფრედ ვებერი, ევროპარლამენტარი, „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი:

“ეკონომიკური კავშირები უნდა შევინარჩუნოთ, არავის უნდა მათი გაწყვეტა, მაგრამ ისინი უნდა დაბალანსდეს და ჩინეთთან ასეთ სტრატეგიულ ბრძოლაში მზად უნდა ვიყოთ საკუთარი ბაზრების დასაცავად“.

და ბოლოს, თუ გავითვალისწინებთ იმ სირთულეებს, რომელთა დაძლევაც მოუწია ევროპას ახლახან, საინტერესოა, როგორია დღევანდელი ეკონომიკური სურათი?

ჯერომინ ცეტელმაიერი, ბრეიგელის ეკონომიკური ანალიტიკის ინსტიტუტის დირექტორი:

“ინფლაცია მცირდება. ევროპის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, მალე მიზნობრივ მაჩვენებელზე ჩამოვა და მონეტარული პოლიტიკის შერბილებასაც ვარაუდობენ მომავალ კვარტალში. ასე რომ, არსებობს მოლოდინი, რომ ამ ზაფხულში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება და ამას ძირითადად ის ფაქტორი შეუწყობს ხელს, რომ ინფლაციის შემცირების შედეგად რეალური შემოსავალი გაიზრდება“.

პაოლო ჯენტილონი, ევროკომისარი ეკონომიკის საკითხებში:

“პანდემიას უპრეცედენტო პასუხი გაეცა – შეიქმნა წევრ სახელმწიფოებს შორის ფინანსური ურთიერთდახმარების მექანიზმი, ევროპის მომავალი თაობის ფონდი. ომსაც უპრეცედენტო პასუხი გავეცით. ეს იყო ერთიანი პოზიცია სანქციებზე, პოლიტიკურ ფრონტზე, ასევე რუსულ ბუნებრივ აირზე უარის თქმაზე. მაგრამ თუკი 2024 წელს აქტიურობა მოიმატებს, მე მგონი, ჩვენი დასკვნა ის იქნება, რომ შევძელით ორი შავი გედის პრობლემის სწორად გადაჭრა“.

მართლაც, ალბათ  გვეპატიება, თუკი იმედი გვაქვს, რომ მომავალი საარჩევნო მანდატის პერიოდი მიმდინარეზე ბევრად მშვიდი იქნება.

ავტორი: პოლ ჰაკეტი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend