მთავარიევროპაუკრაინაუკრაინა ცდილობს, არმიაში ცოცხალი ძალის რიცხოვნობა გაზარდოს

უკრაინა ცდილობს, არმიაში ცოცხალი ძალის რიცხოვნობა გაზარდოს

ეს კადრები ხარკივის ოლქში ერთ-ერთი ბოლო რუსული თავდასხმის შედეგებს ასახავს. სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში განხორციელებული იერიშის შედეგად. ხარკივის ოლქის პროკურორის განცხადებით, მსხვერპლია თავად ქალაქ ხარკივის გარეუბანში.

თუმცა როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ხარკივის ოლქში ვითარების სტაბილიზაცია შეძლეს.

„დღესაც, ისევე როგორც სხვა დღეებში, ჩვენი მთავარი ყურადღება ფრონტის მთლიან ხაზზეა გადატანილი. გენერალმა სირსკიმ მომახსენა, თუ სად რა ვითარებაა. ხარკივის რეგიონში გავიმყარეთ პოზიციები. მადლობას ვუხდი 57-ე ბრიგადას, ასევე 82-ე საჰაერო შემტევ ბრიგადას. ამავდროულად, ჩვენი სამხედროები ეფექტიანად ანადგურებენ მტერს დონეცკის რეგიონში, კონკრეტულად ჩასივ-იარის მიმართულებაზე. ფაქტობრივად, ოკუპანტები ვერ აღწევენ მიზანს, დაასუსტონ ჩვენი ძალები ფართო ფრონტზე – ხარკივიდან დონეცკის რაიონებამდე. მადლობას ვუხდი თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ სერჟანტს, ოფიცერს, რომლებიც გაბედულად და მტკიცედ ასრულებენ საბრძოლო ბრძანებებს და იკავებენ ჩვენს პოზიციებს“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

იმ დროს, როდესაც რუსეთი სარგებლობს უკრაინის შეიარაღებული ძალების სისუსტით, რომელიც გამოწვეულია ცოცხალი ძალისა და შეიარაღების ნაკლებობით – კიევში მობილიზაციის შესახებ ახალი კანონი დაამტკიცეს. უკრაინა ცდილობს, არმიაში ცოცხალი ძალის რიცხოვნობა გაზარდოს. ახალი კანონი ქვეყნის მასშტაბით წვევამდელთა იდენტიფიცირების პროცესს აიოლებს. კანონი ასევე უზრუნველყოფს ჯარისკაცების როგორც ფულად, ისე სხვა წახალისებასაც. თუმცა როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამის შესაძლებლობა უკრაინას არ აქვს. მესამე ცალკეული შემტევი ბრიგადის საწვრთნელ ცენტრში მოხალისეთა მომზადების პროცესი მიმდინარეობს. ფრონტზე პოზიციების გამაგრება რომ საჭიროა, ამას ახალწვეულებიც აცნობიერებენ.

მობილიზაციის შესახებ ახალი კანონის მიხედვით, წვევამდელთა ასაკი 27-იდან 25 წლამდე შემცირდა. გაწვევის ახალ სისტემას კრიტიკულად აფასებს მუნიციპალური სამსახურისა და კერძო კომპანიების თანამშრომელთა ნაწილიც, რადგან ახალი კანონი გარკვეულ მიმართულებებზე პირდაპირ იმოქმედებს.

„თუკი ჩვენ გამოგვიძახებენ, ანუ თუ ჯარში გაიწვევენ წყალმომარაგების ან მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლებს, ეს ხალხისთვის პრობლემა იქნება. რამე თუ მოხდება, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ გამოასწორებს შემდეგ ამას. მიუხედავად ამისა, მშვიდად ველოდებით მობილიზაციას“, ასე საუბრობს მიკოლა დოროშუკი, იგი მუნიციპალური სამსახურის თანამშრომელია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ორ სხვა კანონსაც. მათ შორის იმ კანონს, რომელიც ითვალისწინებს პატიმრების მობილიზაციას, ასევე ჯარიმების გახუთმაგებას მათთვის, ვინც მობილიზაციას თავს აარიდებს. საინტერესოა, რომ რუსეთმა პატიმრების მობილიზაცია ჯერ კიდევ ომის დაწყების პირველივე პერიოდში დაიწყო. უკრაინა კი ცოცხალი ძალის ნაკლებობამ აიძულა, მსგავსი ნაბიჯი გადაედგა. გასულ კვირას აშშ-მა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტიც დაამტკიცა. თუმცა როგორც უკრაინელი სამხედროები ამბობენ, შეიარაღების მხოლოდ მცირე ნაწილია ჯერ უკრაინაში ჩასული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend