პრესტიჟული ფრანგული კინოფესტივალი გრძელდება – უკვე გაიბრწყინა ემა სტოუნმა იორგოს ლანთომოსის ფილმში „სიკეთის სახეობანი“, ასევე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს ზოი სალდანამ და სელენა გომესმა ფილმში „ემილია პერესი.“
კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ყოველთვის საოცარი სანახაობაა, მაგრამ 2024 წლის გამოშვება სავარაუდოდ კანის კინოფესტივალის ისტორიაში ყველაზე წინააღმდეგობებით სავსე გარემოს ფონზე მიმდინარეობს. ერთი მხრივ, წითელი ხალიჩა იშლება, მეორე მხრივ, არ წყდება ომი ღაზის სექტორში, არ წყდება პროტესტი, ამ ყველაფერს კი უფრო ამწვავებს საფრანგეთის კინოინდუსტრიაში ტალღასავით აგორებული #MeToo მოძრაობა.
გასულ კვირაში ფილმების Megapolis-ისა და Furiosa: A Mad Max Saga-ს პრემიერის შემდეგ ერთმანეთზე უკეთესი ნამუშევრები გამოჩნდა.
მაგალითად, 17 მაისს კანში ისევ დაბრუნდა რეჟისორი იორგოს ლანთიმოსი ფილმით „სიკეთის სახეობანი“, რომელიც მისი ფილმის Poor Things გაგრძელებაა. მასში ისევ გაიბრწყინა ოსკაროსანი ემა სტოუნისა და უილემ დეფოს ტანდემმა.
ფილმი „სიკეთის სახეობანი“ აერთიანებს სამ ამბავს, რომელთა სიუჟეტებიც ერთმანეთშია გადახლართული და ეს ფილმი ოქროს პალმის რტოზე წარდგენილ 22 ფილმს შორისაა.
18 მაისს ოქროს პალმის რტოს კიდევ ერთი სერიოზული პრეტენდენტი ფილმის პრემიერა შედგა. ეს არის ფრანგი კინორეჟისორის, ჟაკ ოდიარის, მუსიკალური კრიმინალური კომედია „ემილია პერესი“, რომელშიც მთავარ როლებს ზოი სალდანა და სელენა გომესი ასრულებენ.
გაიმართა ასევე კევინ კოსტნერის ფილმის „დასავლეთის ჰორიზონტი – ამერიკული საგა“ (Western, Horizon: An American Saga) პრემიერა, რომელიც ოფიციალურ კონკურსში არ მონაწილეობს. წითელ ხალიჩაზე კი კევინ კოსტნერმა ფილმის მონაწილე მსახიობებთან, სიენა მილერთან, ლუკ უილსონთან, ები ლისსა და თავისი ოჯახის წევრებთან, ერთად გაიარა.
კევინ კოსტნერს აუდიტორია ისეთი ოვაციით შეხვდა, რომ მას ცრემლიც კი მოერია. კიდევ ერთი ლეგენდარული მსახიობი კეიტ ბლანშეტი გამოჩნდა გაი მედინის შავ კომედიაში Rumours. დენის კუეიდიმ, დემი მურმა და მარგარეტ ქუოლიმ კი წარმოადგინეს ფრანგი კინორეჟისორის კორალი ფარჯიტის საშინელებათა ჟანრის ფილმი The Substance.
მალე შედგება რამდენიმე ფილმის პრემიერა, მათ შორის: დეივიდ კრონენბერგის საშინელებათა ჟანრის ფილმი The Shrouds, ალი აბასის დრამა „შეგირდი“, რომლის სიუჟეტიც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ბიოგრაფიას ეყრდნობა და სონ ბეიკერის კომედია Anora, რომლის სიუჟეტიც ნიუიორკელი სექსმუშაკის ცხოვრების ირგვლივ ვითარდება.
ავტორი: თეო ფარანტი