მთავარიაზიაირანიებრაჰიმ რაისის პოლიტიკური წარსული და უეცარი სიკვდილი

ებრაჰიმ რაისის პოლიტიკური წარსული და უეცარი სიკვდილი

ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ აზერბაიჯანის საზღვრიდან 12 კილომეტრში იპოვეს. 19 მაისს ირანის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები აზერბაიჯანში ილჰამ ალიევს შეხვდნენ და ერთობლივ ღონისძიებაშიც მიიღეს მონაწილეობა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ირანის დელეგაციის შვეულმფრენი აღმოსავლეთ აზერბაიჯანის მთიან რეგიონში ჩამოვარდა.

ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა, 19 მაისი, 2024 წელი Copyright Azerbaijani Presidential Press Office via AP

ეს ავიაკატასტროფა და ირანის პრეზიდენტის მოულოდნელი სიკვდილი დაემთხვა ისრაელი-“ჰამასის” ომს, რომლის დროსაც ებრაჰიმ რაისიმ, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, მეთაურობით გასულ თვეში ისრაელზე უპრეცედენტო უპილოტო და სარაკეტო თავდასხმა წამოიწყო.

აიათოლა ხამენეიმ გამოაცხადა, რომ ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამედ მოხბერი არჩევნებამდე ირანის პრეზიდენტის მოვალეობებს შეასრულებს.

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყოვლისშემძლე ალაჰი ძვირფას პრეზიდენტს და მის კოლეგებს მშვიდობით დააბრუნებს ერის მკლავებში. ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ არ შეფერხდება ქვეყნის საქმიანობა“,- განაცხადა აიათოლა ხამენეიმ.

ირანში რაისი, სავარაუდოდ, ყველას ემახსოვრება მისი მეტსახელით – თეირანის ჯალათი.

1979 წლის რევოლუციის დროს რაისი ირიცხებოდა რელიგიურ სემინარიაში და შაჰის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას. მოგვიანებით, ყუმში რელიგიურ ლიდერებთან მისმა კავშირმა ის სასამართლო სისტემაში სანდო ფიგურად აქცია.

როგორც ახალგაზრდა პროკურორი თეირანში, რაისი იყო ე.წ. „სიკვდილის კომიტეტის“ წევრი, რომელიც 1988 წელს ასობით პოლიტპატიმრის სიკვდილით დასჯას აკონტროლებდა.

„სიკვდილის კომიტეტების“ სახელით ცნობილი ინკვიზიციები შეიქმნა ირანში, მასში შედიოდნენ რელიგიური მოსამართლეები, პროკურორები და დაზვერვის სამინისტროს წარმომადგენლები, იმისთვის, რომ გადაეწყვიტათ ათასობით ბრალდებულის ბედი თვითნებურ სასამართლო პროცესებში, რომლებიც ხშირად სულ რამდენიმე წუთს გრძელდებოდა, ნათქვამია Amnesty International-ის მოხსენებაში.

ზუსტად არ არის დადასტურებული, თუ რამდენი ადამიანი იმსხვერპლა ამ რეპრესიებმა, თუმცა ავტორიტეტიანი უფლებადაცვითი ორგანიზაციის, Amnesty International-ის თქმით, ეს რაოდენობა, სულ მცირე, 5000 პოლიტპატიმარს შეადგენს.

ებრაჰიმ რაისიმ 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ის იზიარებდა ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, უნდობლობას დასავლეთის მიმართ. მან მხარი დაუჭირა ხამენეის პოლიტიკას და ახლო აღმოსავლეთში მარიონეტული ძალების მხარდაჭერის სტრატეგიას.

ებრაჰიმ რაისი განიხილებოდა, როგორც ხამენეის ბუნებრივი მემკვიდრე, თუმცა ირანის პრეზიდენტის უეცარი სიკვდილის ფონზე ირანის მომავალი უმაღლესი ლიდერის ვინაობა უცნობია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend