გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ კარლ სკაუმ სუდანში, ომის შედეგად განადგურებულ რეგიონში, წვიმების სეზონის მოახლოებასა და ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებაზე ისაუბრა.
სკაუ იძულებით გადაადგილებულ პირთა კვების ცენტრს ეწვია. მისი თქმით, სუდანში დევნილებისთვის დახმარება უფრო მეტად უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რათა თავიდან იყოს აცილებული ჰუმანიტარული კატასტროფა.
ამ თვის დასაწყისში გაეროს სურსათის სააგენტომ სუდანში მებრძოლ მხარეებს მიაწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სუდანში შიმშილისა და სიკვდილიანობის საფრთხე არსებობს. მან გააფრთხილა ისინი, რომ თუ არ დაუშვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას დასავლეთის უზარმაზარ რეგიონში, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება.
გაეროს ჰუმანიტარულ კამპანიას ამ წელს ესაჭიროება დაახლოებით 2,7 მილიარდი აშშ დოლარი .24 მილიონი ადამიანის საკვების, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა მარაგებისთვის.
„ვფიქრობ, ყველა კუთხით საჭიროა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა. ეჭვგარეშეა, რომ ეს სერიოზული პრობლემა იყო ყოველთვის. განსაკუთრებით ახლა ელ-ფაშერში, სადაც ბრძოლა მძვინვარებს. მოგეხსენებათ, 18 მილიონი ადამიანიდან, რომლებიც, ჩვენი შეფასებით, მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგანან, მხოლოდ 25-30 პროცენტს შეგვიძლია მივაწოდოთ საკვები. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება პარადიგმის ცვლილება, რომ საკვები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ, სუდანში, კატასტროფას ვიხილავთ”. – მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, კარლ სკაუმ.
სუდანში კონფლიქტი 2023 წლის15 აპრილიდან გამწვავდა. ძალაუფლების მოსაპოვებლად შეიარაღებული დაპირისპირებაა სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის, რომლებსაც ყოფილი თანამოაზრეები ხელმძღვანელობენ. არმიის მეთაურია სუდანის სუვერენული გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელი, გენერალი ალ-ბურჰანი, ხოლო „სწრაფი რეაგირების ძალების“ – გენერალი დაგალო.
ბრძოლები მიმდინარეობს სუდანის სხვადასხვა ქალაქში, ასევე დასავლეთ დარფურის უზარმაზარ რეგიონში. გაეროს შეფასებით, კონფლიქტის შედეგად 14,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 33,000 კი დაშავდა.