კრემლი აგრძელებს ინტენსიურ იერიშებს ხარკივის ოლქში. ქალაქი ხარკივი, რომელიც 2022 წლის მონაცემებით, დაახლოებით მილიონ-ნახევარი მოსახლისგან შედგება, ყველაზე ახლოს მდებარე უკრაინული ქალაქია რუსეთის საზღვართან. უკრაინის ხელისუფლებამ ევაკუაციის პროცესი დაიწყო ხარკივის ოლქის რამდენიმე დასახლებაში. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქალაქ ხარკივის რუსული რაკეტებით დაბომბილი რაიონები მოინახულა. დაბომბვების შედეგად დაშავებული 21 ადამიანიდან 3 ბავშვია. ქალაქში აუფეთქებელი რუსული რაკეტაცაა.
NEW: The pace of Russian offensive operations in northern Kharkiv Oblast appears to have slowed over the past 24 hours. 🧵1/5
The pattern of RU offensive activity in this area is consistent w/ ISW’s assessment that RU forces are prioritizing the creation of a “buffer zone” in… pic.twitter.com/06DG6vtVG8
— Institute for the Study of War (@TheStudyofWar) May 15, 2024
„ესაა მორიგი დანაშაული, რომელიც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ რუსმა ოკუპანტებმა ხარკივში ჩაიდინეს, მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ და დავამარცხოთ მოწინააღმდეგე აქ, ამ ქალაქში, რა თქმა უნდა, მთლიანად ხარკივის ოლქში, სადაც ჩვენს ძალებს თავდაცვითი პოზიციები უკავიათ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერი სიტუაციისთვის. ამ მომენტისთვის ევაკუაცია ხორციელდება მხოლოდ იმ დასახლებებში, რომელთაც მოწინააღმდეგე მიუახლოვდა და შესაბამისად, საფრთხის შემცველია იქ ცხოვრება. ყველა ბავშვის ევაკუაცია განვახორციელეთ“, – განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ.
თუმცა “ომის შესწავლის ინსტიტუტის” მონაცემებით, ხარკივის ოლქში ბოლო პერიოდში რუსული იერიშების ტემპმა იკლო. რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ მთავარი ამოცანა ამ მიმართულებით ერთგვარი ბუფერული ზონის შექმნა იყო. “ომის შესწავლის ინსტიტუტი” უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის ინფორმაციაზე დაყრდნობით ასევე იუწყება, რომ ვითარება ნელ-ნელა სტაბილური ხდება. ცნობილია, რომ კიევმა ბოლო დღეების განმავლობაში ამ ფლანგზე დამატებითი ძალები განალაგა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკივში შექმნილი სიტუაცია მძიმე ვითარებად შეაფასა. თუმცა აღნიშნა, რომ დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
“ომის შესწავლის ინსტიტუტის” მონაცემებით, ხარკივის ოლქში ფრონტის ოთხი აქტიური კერაა. როგორც კვლევითი ორგანიზაცია იუწყება, იერიშების დაწყებიდან გარკვეული წინსვლა ჰქონდათ რუსულ ძალებს. ამჯერად, საბრძოლო დაპირისპირებაა ხარკივის ჩრდილოეთით მდებარე დასახლება ნესკუჩნესთან, ლიპცისა და ჩრდილო-აღმოსავლეთით დასახლება ვოვჩანსკთან.