მთავარიკუბისაერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების გამოხმაურება

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების გამოხმაურება

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House გმობს ძალადობას საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტების მიმართ, ორგანიზაცია კვლავ მოუწოდებს მმართველ პარტიას გაიწვიოს შემოთავაზებული კანონი და ასევე მოუწოდებს აშშ-ს დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს, დაიწყოს კოორდინირებული მოქმედებები.

„Freedom House გმობს მიმდინარე რეპრესიებს და ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებმაც დაიკავეს თბილისის ქუჩები, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ კანონპროექტს – რეპრესიებს მათ შორის წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და მასობრივი დაპატიმრებების გამოყენებით.

ჩვენ ასევე ღრმად შეშფოთებულები ვართ მუქარებითა და თავდასხმებით ადამიანის უფლებათა დამცველებზე, ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და მათ ოჯახებზე. ასეთი რეპრესიები მიუღებელია ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირისკენ ისწრაფვის.

ჩვენ აშშ-ს, ევროკავშირს და დიდ ბრიტანეთს დაჟინებით მოვუწოდებთ, კოორდინირებული ქმედებისკენ, რათა ალაგმოს რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

ამ მთავრობებმა უნდა მოითხოვონ, რომ ვენეციის კომისიას შესაძლებლობა მიეცეს, შეაფასოს ინიციირებული კანონი და მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან.

სამგზავრო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახის წევრებს, თუ კანონი მიიღება ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე ან მის დასკვნამდე.

ეს არის კრიტიკული ეტაპი საქართველოს დემოკრატიული გზისთვის. დემოკრატიული მთავრობები უნდა დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით და გაუგზავნონ მას მკაფიო  გზავნილი, რომ „ქართული ოცნების” მთავრობის ამჟამინდელი ქმედებები არ იქნება შეწყნარებული“, – წერია Freedom House-ის განცხადებაში.

ასევე მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International.

“ის, თუ როგორ იქნა ეს კანონპროექტი მიღებული – ძალაუფლების დერეფნებში პოლიტიკური ოპონენტების იურიდიული პროცედურებით ჩახშობით, როცა დემონსტრანტებს უმოწყალოდ სცემდნენ და აპატიმრებდნენ გარეთ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის პირობებში – აჩვენებს ამ კანონპროექტის მავნებლურ გავლენას, რისი აშკარა სამიზნეც ადამიანის უფლებებია” – ვკითხულობთ განცხადებაში.

“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს თავისი ძალისხმევა გამოხატვის, ასოციაციების და მშვიდობიანი შეკრების უფლებების ჩასახშობად. მათ დაუყოვნებლივ უნდა უარყონ ეს რეპრესიული კანონმდებლობა. ბრძანების გაცემის უმაღლესი ეშელონების ჩათვლით, პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს ყველასი, ვინც ეჭვმიტანილი იქნება ადამიანის უფლებების დარღვევაში – მათ შორის პოლიციელების, რომლებიც ძალას უკანონოდ იყენებენ”, – აცხადებს Amnesty International-ი.

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და ფოტოებს აქვეყნებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თავისო ოფიციალურ ინსტაგრამარხზე. მისი თქმით, ათიათასობით ქართველი აჩვენებს, რომ ევროპის გულის მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ სცემს.

„შეიძლება თქვენ ეს ახალ ამბებში ნახეთ. საქართველოში თავისი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მხარდასაჭერად ათიათასობით ადამიანი რამდენიმე კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობს: სტუდენტები, მშობლები, ბებიები და ბაბუები შვილიშვილებთან ერთად. ისინი თავიანთი მთავრობის მიერ შემოთავაზებულ კანონს აპროტესტებენ, რომელიც არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას შეზღუდავს, რომელთაგან ნაწილი საზღვარგარეთიდან ფინანსდება.

კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტები და მედიის თავისუფლება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პირობებია. ათიათასობით ქართველი ადასტურებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ ცემს. მას დემოკრატიული, ენერგიული და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება თბილისის ქუჩებშიც ატარებს. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა და ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, გაიგონებს თუ არა იგი ამ ხმას“, – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში ჯონ ბასი:

„საქართველოს ხელისუფლება გადადის თავისი ევროატლანტიკური გზიდან, რაც ქართველ ხალხს სურს. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, იმუშაოს დიდი ხნის პარტნიორებთან, რათა მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს და მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოიძიოს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობისა და შევიწროების ყველა ფაქტი. შეერთებული შტატები ქართველ ხალხს ყოველთვის გვერდში დაუდგება“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend