მთავარიკულტურაირანელი კინორეჟისორი მოჰამედ რასულოფი კანის კინოფესტივალის გახსნის წინადღეს ევროპაში გაიქცა

ირანელი კინორეჟისორი მოჰამედ რასულოფი კანის კინოფესტივალის გახსნის წინადღეს ევროპაში გაიქცა

ირანელმა კინორეჟისორმა მოჰამედ რასულოფმა, რომელსაც რვაწლიანი პატიმრობა მიესაჯა ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების მოწყობის ბრალდების საფუძველზე და რომლის ფილმიც კანის საერთაშორისო კინოფესტივალზეა წარდგენილი, ირანი კანის კინოფესტივალის გახსნის წინ დატოვა.

ცნობილმა ირანელმა კინორეჟისორმა მოჰამედ რასულოფმა დაადასტურა, რომ შეძლო სამშობლოს დატოვება ხელისუფლების თანხმობის გარეშე, მას შემდეგ, რაც 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა  ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.

გასულ კვირას ირანის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ რასულოფის მხატვრული და დოკუმენტური ფილმები არის „შეთქმულების მაგალითები, რომლებიც მიმართულია ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ. განაჩენი რამდენიმე დღით ადრე გამოიტანეს კანის კინოფესტივალის დაწყებამდე, სადაც  რასულოფის ახალი ფილმის „წმინდა ლეღვის თესლის“ ჩვენება 24 მაისს გაიმართება.

52 წლის რეჟისორმა ევროპიდან გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ ფარულად გადალახა ქვეყნის საზღვარი, თუმცა არ დაასახელა თავისი ზუსტი ადგილსამყოფელი. განცხადებაში მან აღწერა, თუ რა მძიმე რეპრესიების ქვეშ იმყოფება მისი გუნდი ირანში და საერთაშორისო კინოფესტივალს „ეფექტური მხარდაჭერისკენ“ მოუწოდა. რასულოფმა თავის ინსტაგრამის გვერდზე მადლობა გადაუხადა იმ მეგობრებსა და ახლობლებს, რომლებმაც „საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაიყვანეს იგი საზღვარზე უსაფრთხო ადგილას“.

ირანელი რეჟისორის ქვეყნიდან გასვლა საინფორმაციო სააგენტო AFP-ს დაუდასტურა მისმა ადვოკატმაც, რომელმაც განაცხადა, რომ რასულოფი კანის კინოფესტივალსაც დაესწრება, რომელიც 14 მაისს გაიხსნა. თუმცა რეჟისორის ფრანგმა პარტნიორებმა უფრო თავშეკავებული განცხადებები გააკეთეს რასულოფის კანის ფესტივალზე დასწრებასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ამჟამად ირანელი რეჟისორი ევროპაშია და შესაძლოა კანის ფესტივალზე თავისი ფილმის პრემიერასაც დაესწროს.

უცნობია, თუ როგორ დატოვა რასულოფმა ირანი. დისიდენტები ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ევროპაში ძირითადად მთებით გადადიან თურქეთში. რასულოფი მრავალი წლის განმავლობაში იყო ირანის ავტორიტარული რეჟიმის სამიზნე და მის მიმართ გამოტანილი ბოლო განაჩენი იყო კანის კინოფესტივალზე წნეხის მცდელობა, რათა ირანელი რეჟისორის ფილმი ფესტივალიდან მოეხსნათ.

რასულოფს ქვეყნის დატოვება 2017 წლიდან ჰქონდა აკრძალული. იგი იჯდა საპატიმროში 2022 წლის ივლისიდან 2023 წლის თებერვლამდე და ამნისტიით გამოვიდა ირანში დიდი საპროტესტო ტალღის აგორების შემდეგ. გათავისუფლებიდან მალევე რეჟისორს  აცნობეს, რომ ახალი საქმე აღიძრა მის წინააღმდეგ 2020 წელს გადაღებული ფილმისთვის „ბოროტება არ არსებობს“, რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი ოქროს დათვი მიიღო.

რასულოფის რამდენიმე ფილმი ადრეც იყო წარდგენილი კანის კინოფესტივალზე, მათ შორის, 2011 წელს – ფილმი „მშვიდობით“, 2013 წელს – ფილმი „ხელნაწერები არ იწვიან“ და  2017 წელს – ფილმი „პატიოსანი კაცი“. მისი ყველა ფილმი კრიტიკული თვალით გვაჩვენებს, თუ როგორია ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ცხოვრება.

ავტორი: დევიდ მურიკანი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend