მთავარისაქართველოე.წ. "აგენტების კანონპროექტს" საბოლოოდ 14 მაისს უყრიან კენჭს

ე.წ. “აგენტების კანონპროექტს” საბოლოოდ 14 მაისს უყრიან კენჭს

საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხი მთელი ღამე იქ რჩებოდა. 13 მაისს, დილით კი, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე ე.წ. „აგენტების კანონპროექტს” მმართველი პარტიის დეპუტატებმა მესამედ დაუჭირეს მხარი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ოპოზიციის გარეშე, თითქმის ცარიელ დარბაზში, ჩატარდა და ის სულ 67 წამს გაგრძელდა.

„შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრებები ხომ არ გაქვთ? შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრებები არ არის. კოლეგებო, დავაყენოთ საკითხი კენჭისყრაზე. ვინ არის მომხრე, მხარი დავუჭიროთ ტექსტს? დიდი მადლობა, კომიტეტის დამსწრე წევრთა მიერ პროექტი მხარდაჭერილია, კომიტეტის სხდომა დასრულებულია“, – ეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის, გამოსვლა იყო კომიტეტზე.

კანონპროექტის საბოლოო მიღებამდე მხოლოდ ერთი სხდომაა დარჩენილი – პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელიც 14 მაისს არის ჩანიშნული. ამ სხდომაზე მმართველი პარტია ე.წ. „აგენტების“ კანონპროექტს მესამე, საბოლოო მოსმენით უყრის კენჭს. საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს პროცესი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„წარმოიდგინეთ, 67 წამში მიიღეს იურიდიულ კომიტეტზე კანონი. 83 დეპუტატი მოიყვანეს და ნაწილმა შესვლაც ვერ მოასწრო. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მსახურება. ეს პროცესი არალეგიტიმურია. მესამე მოსმენა საერთოდ არალეგიტიმურია და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ეს  აუცილებლად დასრულდება ხალხის გამარჯვებით. რამდენ ხანს ივლიან ასე სპეცრაზმელებთან ერთად?“ – განაცხადა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს მოქალაქეებმა პარლამენტის შენობასთან მთელი ღამე იმისათვის გაათენეს, რომ დილით საკანონმდებლო ორგანოში მისული დეპუტატებისთვის ე.წ. „აგენტების“ კანონის განხილვაში ხელი შეეშალათ. დემონსტრანტებს შენობის შესასვლელების ბლოკირება სურდათ, ამისი საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა. გამთენიისას პარლამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმები და საპროტესტო აქციის დაშლისთვის განკუთვნილი ტექნიკა გამოჩნდა. საპოლიციო დანაყოფებმა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები სრულად დაიკავეს, მმართველი პარტიის დეპუტატებს პარლამენტში შესასვლელად უსაფრთხო დერეფანი გაუკეთეს.

„საჭიროა ჩვენი აქ ყოფნა, ჩვენი აზრის გამოხატვა, იმისთვის რომ ხვალ და ზეგ არ მომიწიოს რუსული კონსტიტუციის დაზეპირება. ჩვენ აქ ვიქნებით დღეს. ხვალაც მოვალთ, ზეგაც და იქამდე, ვიდრე ამ კანონს არ გაიწვევენ“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე გოჩა ბარათაშვილი.

„ამ კანონით სხვა ბევრი პრობლემა გამოიკვეთა. ერთი არის ჩვენი დაშორება ევროპისგან და მეორე უფრო დიდი და საშიში, რუსეთთან დაახლოება და ქვეყნის ბელორუსიზაცია. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და რამდენიც საჭირო იქნება, იმდენ ხანს ვიქნებით აქ“, – განაცხადა აქციის მონაწილე გიორგი ლომინაძემ.

საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიუხედავად უწყვეტი პროტესტისა და მრავალათასიანი დემონსტრაციებისა, ისინი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს მაინც მიიღებენ. კანონს, რომელსაც მოწინააღმდეგეები “რუსულ კანონს” უწოდებენ.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend