“ომის შესწავლის ინსტიტუტის” მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში ფრონტის აღმოსავლეთ ნაწილზე იერიშები გააძლიერეს. კრემლი ცდილობს მოიპოვოს მეტი უპირატესობა მანამ, სანამ ახალი შეიარაღება ჩავა უკრაინაში.
უკრაინული არმია კი ფრონტის ამ მიმართულებას მთელი ძალებით ამაგრებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან რობერტა მეცოლასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინული არმია მძიმე ვითარებას უმკლავდება სწორედ ფრონტის აღმოსავლეთ ფლანგზე.
„იარაღის მიწოდების გაზრდით ჩვენ შეგვეძლება აღმოსავლეთით მათი შეკავება. ამ მომენტისთვის ისინი ინიციატივას ფლობენ. ეს საიდუმლო არაა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი, ინიციატივა დავიბრუნოთ. ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი რაიმე ძლიერი საშუალება გვექნება…“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ახლახან ფრონტის აღმოსავლეთ მიმართულებაზე არსებულ თავდაცვით პოზიციებზე ახალი ძალები განლაგდნენ. ესაა ხარტიის ბრიგადა. ამ დანაყოფის სამხედროები საუბრობენ, რომ რუსულ იერიშებს ყოველთვის წინ უსწრებს თავდაცვითი ზღუდეების მასიური დაბომბვა.
როგორც ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო საუბრობს, რუსები ხშირად ცდილობენ, უკრაინის თავდაცვის ხაზებს მრავალრიცხოვანი ცოცხალი ძალით შეუტიონ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, განსაკუთრებით აქტიურია ავდიივკისა და ბახმუტის ფლანგები. ამ დასახლებების მიმდებარედ სასტიკი ბრძოლა გრძელდება. პარალელურად რუსეთის შეიარაღებული ძალები დრონებით, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით კვლავ ბომბავს უკრაინის ქალაქებს.
Russian forces recently made confirmed advances near Avdiivka and Donetsk City.
Geolocated footage published on May 9 shows that Russian forces advanced into central Umanske (west of Avdiivka) north of Sonyachna Street. (1/2) https://t.co/l9xU0We4vq pic.twitter.com/9ychvgnMEy
— Institute for the Study of War (@TheStudyofWar) May 10, 2024
“ომის შესწავლის ინსტიტუტის” ანგარიშის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავ აგრძელებენ რუსეთის სიღრმეში სხვადასხვა ობიექტზე იერიშს. მაგალითად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კრასნოდარის მხარეში დრონებით შეუტია ნავთობბაზას. როგორც კვლევითი ორგანიზაცია იუწყება, ესაა რეკორდულად შორ მანძილზე მიტანილი იერიში, რადგან სამიზნე უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1500 კილომეტრითაა დაშორებული.