მთავარისაქართველოგუშინ ღამით პოლიციამ ბლოგერი უჩა აბაშიძე საკუთარ სახლში დააკავა

გუშინ ღამით პოლიციამ ბლოგერი უჩა აბაშიძე საკუთარ სახლში დააკავა

სამხედრო ბლოგერის უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყეს, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა და ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და ბათუმში, მათ შორის თბილისში, ი. აბაშიძის #22-ში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს, 1984 წელს დაბადებული .ა. დააკავეს.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს“, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს განცხადებას თან ახლავს ვიდეო, რომელზეც ჩანს დაკავების დროს ნაპოვნი სხვადასხვა ტიპის იარაღი. უჩა აბაშიძე დედის, ლია თოდუას მტკიცებით, კადრებზე ნაჩვენები იარაღის უმეტესობა სათამაშო თოფია, რადგან ბლოგერი უკვე მრავალი წელია თამაშობს „სტრაიკბოლს“. „სტრაიკბოლი“ ეს არის სპორტის სახეობა, სადაც მოთამაშეები ებრძვიან ერთმანეთს სპეციალური თოფით. ბლოგერის დედის თქმით, კადრებზე ნაჩვენები მხოლოდ ორი იარაღია ნამდვილი, რომელიც რეგისტრირებულია უჩა აბაშიძის სახელზე.

უჩა აბაშიძის დაკავებას გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც. მათ მიერ გაკეთებული განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი არ იმყოფება საქართველოში, თუმცა მისი რწმუნებული მიემართება დროებით მოთავსების იზოლატორში დაკავებულთან შეხვედრის მიზნით.

“ამ ეტაპზე სახალხო დამცველის რწმუნებული მიემართება თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულთან შეხვედრის მიზნით. ამასთან, აპარატი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობა.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის რეაგირების შესახებ სრულ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მივაწვდით”, – წერია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ დაკავების დროს ბლოგერის სახლთან მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებმაც უჩა აბაშიძის დაკავება გააპროტესტეს.

მოგვიანებით აქტივისტებს ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვა სურდათ, რუსი უფლებაც პოლიციელებმა არ მისცეს. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანია დაკავებული.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend