მთავარისაქართველოსადავო კანონპროექტი

სადავო კანონპროექტი

ანონიმური ზარები, თავდასხმა ქუჩაში ცალკეულ აქტივისტებზე, წარწერები სადარბაზოებსა და შესასვლელებთან, რომ იქ ცხოვრობს აგენტი – ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ქვეყანაში წითელი ტერორი ბრუნდება.

„რაც არ უნდა ამტკიცოს „ქართულმა ოცნებამ“, რომ თავად ოპოზიცია აცემინებს ოპოზიციონერებს და რაც არ უნდა ამტკიცოს “ქართული ოცნების” დეპუტატმა, რომ 9 აპრილს იყო ჭყლეტა, ისე როგორც ამას როდიონოვი ამტკიცებდა, გასაგებია, რომ ეს არის შეშინებული მთავრობის განაცხადი, რომელიც წავიდა ხალხის წინააღმდეგ არა მხოლოდ კანონით, არამედ ფიზიკური დაპირისპირებით, ტერორით. ყველას კარგად უნდა ახსოვდეს ისტორიიდან ტერორი რას ნიშნავს და რა მოუტანა ამან, მათ შორის, საქართველოს და ამ გზას ადგანან. კლასიკური რუსული გზა აირჩიეს მათ, მაგრამ ისინი ვერ შეაშინებენ იმ ხალხს, რომლებსაც აქვთ სამშობლო, იმ ხალხს, ვისაც არ სურს, ამ სამშობლოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ყველანაირი სახის ძალადობა მიუღებელია, მათ შორის, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი და უნდა გვესმოდეს, რომ ამ ბრძოლაში ხელისუფლება ვერასდროს გაიმარჯვებს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

„ნაცემია ათეულობით ახალგაზრდა და აქტივისტი, უკანონოდ აკავებენ ახალგაზრდებს. შსს, რომელსაც დღევანდელ ბრიფინგზე უნდა ესაუბრა იმაზე, თუ როგორ დაისჯებიან მოძალადეები, კვლავ აანონსებს რეპრესიებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“ქართულ ოცნებაში” კი ამბობენ, რომ ემიჯნებიან როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ ძალადობას.

ამბობენ იმასაც, რომ დღეს საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია.

„რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ფსიქოლოგიური. როგორ შეიძლება ადამიანმა მოიწონოს ძალადობა? როგორ შეიძლება ადამიანმა მოიწონოს ბულინგი? მაგრამ აქ ნახეთ რა მდგომარეობაა. მაგალითად, „იმედის“, „პოსტივის“ ჟურნალისტს პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ აქციაზე, არის პირდაპირი მოწოდება, რომ დააბულინგონ, წაახალისონ ძალადობა. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ყველანაირი ძალადობა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური კატეგორიულად მიუღებელია. ყველანაირი ძალადობა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, კატეგორიულად მიუღებელია. როდესაც მამუკა მდინარაძეს ლაჩრულად მიეპარა ალეკო ელისაშვილი, ნახეთ, რა განცხადებები კეთდებოდა. ეს ძალიან სახიფათოა, ცუდია, არ შეიძლება. როდესაც სალომე ზურაბიშვილი იწყალებს ადამიანს, რომელმაც სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა და ოპოზიციას სურვილი ჰქონდა, ეს ადამიანი გმირად გამოეყვანა, ეს არის ის კონკრეტული ფაქტები, რომლებიც ძალიან მძიმე და შემაშფოთებელია და, რა თქმა უნდა, ჩვენ, პოლიტიკოსები, არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება თუ ოპოზიციის, უნდა გავემიჯნოთ ამ ყველაფერს და დავგმოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში მიმდინარე მოვლენებს, სპეციალურ სიებსა და ანონიმურ სატელეფონო ზარებს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარი ამ სიტყვებით გამოეხმაურა: „საით მიდიხარ, საქართველო?“

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend