ყოველ 9 მაისს ევროპელები აღნიშნავენ ევროპის დღეს. ეს თარიღი ევროპის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის დაწყებასა და ათწლეულების განმავლობაში კოლექტიური ძალისხმევის შედეგად მიღწეულ მუდმივ მშვიდობას აღნიშნავს.
ეს ზეიმი სათავეს იღებს 1950 წლიდან. 74 წლის წინ, 9 მაისს, მაშინდელი საფრანგეთის საგარეო მინისტრი რობერტ შუმანი ისტორიული სიტყვით გამოვიდა. თავის გამოსვლაში შუმანმა საფრანგეთსა და გერმანიას, ორ ერს, რომლებსაც ხანგრძლივი სისხლიანი ისტორია აკავშირებდათ, მოუწოდა ერთობლივად დაეწყოთ ფოლადისა და ქვანახშირის წარმოება.
„ძირითადი მრეწველობის გაერთიანებით და ახალი უმაღლესი ხელისუფლების დაარსებით, რომლის გადაწყვეტილებები საფრანგეთს, გერმანიასა და სხვა წევრ ქვეყნებს დააკავშირებს, ეს ინიციატივა ევროპული ფედერაციის პირველ კონკრეტულ საფუძველს წარმოადგენს“, – განაცხადა რობერტ შუმანმა.
ფოლადისა და ქვანახშირის მრეწველობის გაერთიანებით შუმანმა განიზრახა, დაეჩქარებინა ორივე ქვეყნის ეკონომიკური მოდერნიზაცია. ასეთი კრიტიკული ინდუსტრიების შერწყმით ფრანგი მინისტრის მიზანი იყო ევროპის კონტინენტზე მორიგი სისხლისმღვრელი კონფლიქტის შესაძლებლობის გამორიცხვა.
„წარმოებაში ამგვარად ჩამოყალიბებული სოლიდარობა ცხადყოფს, რომ ნებისმიერი ომი საფრანგეთსა და გერმანიას შორის ხდება არა მხოლოდ წარმოუდგენელი, არამედ მატერიალურად შეუძლებელი“, – განაცხადა შუმანმა.
შუმანმა კარი ღია დატოვა სხვა ქვეყნებისთვის, რათა მომავალში ჭეშმარიტად ერთიანი ევროპა შექმნილიყო. ეს ინიციატივა წარმატებული აღმოჩნდა. დასავლეთ გერმანიის კანცლერმა კონრად ადენაუერმა მხარი დაუჭირა ერთიანი ევროპის შექმნის იდეას.
ერთი წლის შემდეგ, 1951 წლის 18 აპრილს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ბელგიის, ნიდერლანდებისა და ლუქსემბურგის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს პარიზის ხელშეკრულებას და დააარსეს ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის საზოგადოება.
კაცობრიობის ისტორიაში აქამდე არნახული იყო ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური ტრანსფორმაციები. შუმანის ინიციატივის წარმატებამ მისი სიტყვები ისტორიაში ჩაწერა, როგორც ევროპული ინტეგრაციის ფუძემდებელი.
„ერთიანი ევროპა არ შეიქმნება ერთ დღეში, ან ერთი გეგმის მიხედვით. ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ევროპულ ქვეყნებს შორის სოლიდარობაზე უნდა იყოს დაფუძნებული“, – განაცხადა რობერტ შუმანმა.
ევროპის დღე არის ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლო თორმეტ ვარსკვლავიან დროშასა და სლოგანთან ერთად, რომელიც ამბობს: in varietate concordia – ერთიანობა მრავალფეროვნებაშია.