მთავარისაქართველო“ქართული ოცნება” მოქალაქეთა “სპეციალურ ბაზა-რეესტრს” ქმნის

“ქართული ოცნება” მოქალაქეთა “სპეციალურ ბაზა-რეესტრს” ქმნის

სანამ „ქართული ოცნება“ ე.წ. „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონს მიიღებს, შემდეგ პრეზიდენტის სავარაუდო ვეტოს დაძლევს, ყველა პროცედურას გადალახავს და სრული სვლით აამოქმედებს პოტენციურ მოწინააღმდეგეებზე, მანამდე მმართველი პარტია კიდევ ერთ ახალ რეესტრს ქმნის.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამცნო საზოგადოებას, შეიქმნება მონაცემთა სპეციალური ბაზა იმ პირების შესახებ, რომლებიც ისეთ ქმედებას ჩაიდენენ, რაც კანონდარღვევად შეიძლება ჩაითვალოს. ამავე ბაზაში, სავარაუდოდ, ის მოქალაქეებიც მოხვდებიან, რომლებიც საზოგადოებრივი პროტესტის მხარდამჭერ პოზიციას რაიმე ფორმით გამოხატავენ, თუნდაც, სოციალურ ქსელებში.

„„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიიღება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატები ამბობენ, რომ მმართველი პარტია ამ მონაცემთა ბაზას რუსული „კაგებეს“ მეთოდით საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანთა „გასაშავებლად“ და დემონიზებისთვის გამოიყენებს. მათი განცხადებით, ამ რეპრესიული ინსტრუმენტისა და ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ძირითად მიზანს „ქართული ოცნებისთვის“ ძალაუფლების შენარჩუნება წარმოადგენს.

„შალვა პაპუაშვილს ვერ გაურკვევია ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაშია, მან ღიად გვითხრა, რომ მისდევს „დროასა” და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ტაქტიკას და აკეთებს, mona.ge-ს ანალოგს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ეს არის რეპრესიების დაანონსება. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის გაცხადებული ქრონიკა. როგორ დასრულდება ეს, ძალიან კარგად დაინახავს როგორც შალვა პაპუაშვილი, ასევე “ქართული ოცნება”, მაგრამ ნამდვილად დასაცინები არიან, როდესაც “დროასა” და “გირჩის” ტაქტიკას მიჰყვებიან და ამ დროს არიან ხელისუფლებაში. ბრავო, შალვა, ნამდვილად სასაცილოა და დასაცინები ხართ,” – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

მმართველ პარტიაში ჯერ არ დაუკონკრეტებიათ ზუსტი თარიღი, თუ როდიდან აამოქმედებენ მოქალაქეთა სპეციალური ბაზის ვებგვერდს, თუმცა ეს, ალბათ, ტექნიკური სამუშაოების წარმოების ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული. სამაგიეროდ, ცნობილია, ე.წ. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების სავარაუდო თარიღი. 17 მაისი – ეს ის დროა, როდესაც „ქართული ოცნება“ სადავო კანონპროექტის კანონად მიღებას მოქალაქეთა მასშტაბური საპროტესტო აქციების, საშინაო და საგარეო კრიტიკის ფონზე აპირებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend