მთავარისაქართველოსტრასბურგის დადგენილება “გავრილოვის ღამეზე”

სტრასბურგის დადგენილება “გავრილოვის ღამეზე”

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა). საქმე ეხება მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, რომლებიც მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის ივნისში, როცა საქართველოში “მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის” სხდომა იმართებოდა, პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა. ამ ფაქტს საზოგადოების მღელვარება მოჰყვა და ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან. მაშინ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს.

სწორედ ამ აქციის დაშლის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა დაზარალებულებს 153 600 ევრო გადაუხადონ.

26 დაზარალებულიდან 22ის უფლებებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი” იცავდა.

„სასამართლომ აღნიშნა, რომ ოთხ-ნახევარი წლის შემდგომ გამოძიება არანაირ დასკვნამდე არ არის მისული, სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული პირები, პირდაპირ იყვნენ მითითებულნი სახალხო დამცველის რეკომენდაციებში”, – ამბობს “საიას” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

მომჩივნები ასევე ითხოვდნენ, რომ ევროპულ სასამართლოს დაედგინა დარღვევა ისეთი მუხლების, რომლებიც გულისხმობს გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლებისა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების დარღვევას, თუმცა სასამართლომ ამ ეტაპზე თავი შეიკავა ამ მუხლების დარღვევის ცნობისგან.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, რის გამოც მთავრობას გამოძიების ჩატარება დაავალა, ხოლო დანარჩენ მუხლებთან მიმართებით აღნიშნა, რომ დარღვევები გამოძიების წარმართვის შემდგომ შეფასდება.

“მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილების შინაარსი დავინახოთ ფართო სურათში და დღევანდელ რეალობასთან კავშირში, რადგან ჩვენ წინა კვირის განმავლობაში და არა მარტო, ვიხილეთ ფართომასშტაბიანი აქციების დარბევა და ეს დარბევა იყო თავისი ხასიათით უკანონო და ასევე გამოყენებული საშუალებები იყო არაპროპორციული, მათ შორის ვიხილეთ ზუსტად იგივე ქცევა, რასაც ადგილი ჰქონდა 2019 წლის 20 ივნისს“, – ამბობს “საიას” ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორი თამარ ონიანი.

უფლებადამცველ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოაჩენს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის დროს ვლინდება.

შედეგად, მათ მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს დღემდე არ აქვს დემონსტრაციების ეფექტიანი მართვის პოლიტიკა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზე იქნება მომართული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend