კრემლის წმინდა ანდრეას სახელობის დარბაზში ვლადიმერ პუტინმა უკვე მეხუთედ დადო საპრეზიდენტო ფიცი და ასე კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა რუსულ ისტორიაში კრემლის ყველაზე ხანგრძლივ მმართველობამდე.
2000 წლის მაისში პუტინის მიერ პირველი საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების 5 პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის 7 პრემიერ-მინისტრი.
პირველი ფიციდან თითქმის მეოთხედი საუკუნის თავზე ვლადიმერ პუტინის მმართველობას ნაკლები ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აკრიტიკებს, ვინაიდან მათგან საუკეთესონი კრემლმა ფიზიკურად გაანადგურა.
დღეს ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ პუტინიზმი სტალინიზმის თანამედროვე ინკარნაცია გახლავთ. მეხუთე საპრეზიდენტო ფიცის სიტყვა კი ამ მოსაზრებას მხოლოდ ადასტურებს.
“მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს თავდადებულ მოქალაქეებს, ასევე ჩვენს ისტორიულ მიწებზე მცხოვრებთ, რომელთაც დაიცვეს სამშობლოსთან გაერთიანების ნება და სურვილი. ქედს ვიხრი ჩვენი ჯარისკაცების წინაშე. გარწმუნებთ, რომ ჩემთვის უზენაესი რუსი ერის ინტერესია, მილიონობით ადამიანის ერთიანი ნება კოლოსალური ძალა გახლავთ და ჩვენ მომავლისკენ თავდაჯერებულნი ვიყურებით. ჩვენ ერთიანი, დიადი ხალხი ვართ და გამარჯვება ჩვენი იქნება”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
დასავლეთის სახელმწიფოთა უმრავლესობამ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე დელეგაცია არ გაგზავნა.
ინაუგურაციას არც სომხეთიდან დასწრებიან. ქვეყნიდან, რომელიც წლების განმავლობაში მოსკოვის მთავარ მოკავშირედ ითვლებოდა სამხრეთ კავკასიაში.
ვლადიმერ პუტინის მმართველობის მთავარი შემოქმედება, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი სამხედრო კონფლიქტი, გრძელდება და ბოლო არ უჩანს.
არც პუტინის ამბიციებს უჩანს ბოლო. მმართველობის 24-ე წელს პუტინს არ ეტყობა, რომ სურს გადაუხვიოს თავისუფალი ქვეყნების განადგურების, რეპრესიებისა და ანტაგონიზმის ამჟამინდელი გზიდან.